პრემიერი: ჩემი მართვის სტილი არაა, ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში

ჩემი მართვის სტილი ნამდვილად არ გახლავთ ის, რომ ვინმემ ულტიმატუმები დააყენოს მინისტრთა კაბინეტში, ეს გამორიცხულია,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა კომპლექსურ რეფორმებს ახორციელებს და ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველდღიური პროცესია.

“ჩემი მართვის სტილი ნამდვილად არ გახლავთ ის, რომ ვინმემ ულტიმატუმები დააყენოს მინისტრთა კაბინეტში, ეს გამორიცხულია, შესაბამისად, ეს დეზინფორმაციაა.

ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან კომპლექსურ რეფორმებს და ბუნებრივია, მსჯელობა ამ საკითხების შესახებ, მათ შორის, მსჯელობა ინტენსიური, რომელიც გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობას, ეს არის ყოველდღიური პროცესი.

თუ არის იმ ილუზია, რომ რომელიმე სამინისტრო რაღაც კანონპროექტს შეიმუშავებს და ის ავტომატურ რეჟიმში გამოდის მთავრობის სხდომაზე და განხილვები არ ხდება, ეს არის ილუზია.

ჩვენ ყოველთვის გვაქვს ნებისმიერი საკითხის დეტალური განხილვა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობები და ჩემი, როგორც პრემიერის მოვალეობაა, რომ ყოველთვის მოხდეს შეჯერებული და საუკეთესო ვარიანტზე შეჩერება და მე ამას ყოველთვის ვუზრუნველვყობ. აქედან გამომდინარემ, დამატებით პოლიტიკური იმპულსის მიცემა ასეთ თემებზე არ შეესაბამება ჩვენი საქმიანობის შინაარსს“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში განხილვები კიდევ გაგრძელდება და არც აზრთა სხვადასხვაობაა გამორიცხული.

„მომავალში კიდევ უფრო მეტი განხილვები მოგვიწევს, კიდევ უფრო შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობები, რადგან რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ საჭიროებენ სერიოზულ განხილვას, რაც გულისხმობს რომ შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი, ამით აპოკალიფსი არ ხდება. განხილვების გარეშე როგორ ხდებოდა კანონპროპექტების ინიცირება კარგად გვახსოვს და რა ფასადაც დაუჯდა ეს ქვეყანას ესეც გვახსოვს. ამიტომ, განხილვაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს კარგია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *