გზაგასაყარი – ლევან ფანცხავას ბლოგი

 გწერთ სტამბულიდან… ეს ქალაქი არავის და არცერთ სხვა ქალაქს არ გავს, ერთია, განსაკუთრებულია, რაღაც მაგიური მიჯაჭვულობის ძალა აქვს, ალბათ ამიტომ უყვარს ყველას, ვინც ნახა, ვინც ხვალ უნდა ნახოს, ან ზეგ…

სტამბულში შესვლისთანავე თევზის და შემწვარი წაბლის თავბრუდამხვევი არომატის პარალელურად გრძნობ, რომ ეს ნამდვილად არის გზა აზიიდან ევროპამდე. ბოსფორზე გაგებული ხიდები, ხიდების პირველ სართულზე ყველა სახეობის თევზის რესტორნები, სადაც მწკრივებად განლაგებული მეთევზეები დგანან და ეს ნაწილიც განუყოფელია ამ ქალაქის, უზარმაზარი მეჩეთები, ბოსფორზე და მარმარილოს ზღვაში მოსეირნე გემები, უძველესი და თანამედროვე შენობების თანწყობა, ვიწრო ქუჩები, სადაც ტკბილეულის ყველა სახეობის, განსაკუთრებით ლახათლუხუმის და ფაქლავას, ასევე ტრადიციული კერძების და სუნელების გამაბრუებელი დახლები გვხვდება.

აიასოფიას და სულთანაჰმედის ისტორიებს შორის მოქცეული ტიტების ხალიჩები, გულჰანეს ზღაპრული ბაღი, ტაქსიმზე მოსეირნე ისტორიული ტრამვაი, რომელიც შეიძლება ითქვას “სტამბულის სახეა”. გალათას კოშკიდან ხელის გულზე გადაშლილი ქალაქი, რომლის ქუჩებშიც მილიონობით ტურისტი დადის. არავის და არცერთ ქალაქს არ ჰგავს სტამბული, ფერადი და სურნელოვანია.

იმხელა თავისუფლებაა, იმდენად დიდი დოზით გრძნობ სივრცეს ვიწრო ქუჩებში, ბოსფორის სანაპიროზე რომ რთულია შეელიო და თუნდაც დროებით დაემშვიდობო. აქ თოლიები, მტრედები, წეროები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. ხალიჩებზე მიძინებული კატები, ჩილიმის ბარებთან რიგში მდგომი ტურისტები და მაინც, ეს ჩვეულებრივი თვალით ნანახი სტამბულია.

ბოჰემურ სტამბულზე ალბათ აქამდეც დაწერდნენ, ბევრჯერ, ფამუქზე და “უმანკოების მიზეუმზეც” იტყოდნენ, გამიგია, წამიკითხავს. მაგრამ ვერა, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ, აქ ყოფნით არ ეზიარებით, ისე ვერ გავითავისებთ.

სულიდან თავისუფლების ამოხეთქვაა, გული რომ გასკდომამდე გიცემს ესაა. ევროპის რამდენიმე ქალაქში ვყოფილვარ მაგრამ ეს სხვაა, არაფერს გავს, ერთია, ერთადერთი უფრო და სხვანაირად ფერადია, ყველაფერი უხდება ამ ქალაქს, ყველა ადამიანი უხდება, წვიმა უხდება, მზე უხდება, ქარი უხდება, ჩვენც ვიხდენთ და ვგრძნობთ ნამდვილ ადგილს სადაც აზია და ევროპა ერთმანეთს პირველად შეხვდა. რომელი უფროა? ორივეა, ამიტომ არის განსაკუთრებული, სტამბული იტევს ყველაფერს და ალბათ მილიარდობით მადლობა მიუღია ამ ქალაქს, ხვალ მეც ვეტყვი მადლობას და ვიქნები მერამდენე, ალბათ მხოლოდ სტამბულმა იცის.

ალბათ უფრო კარგად დაწერენ ტურისტები, რომლებიც ხვალ ჩამოვლენ, როცა მე ხელს დავუქნევ, ტიტებით აფეთქებულ ქალაქს, რადგან ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება, ბევრი იქნება და ფერადი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *