რომან გოცირიძე: აჭარის ტელევიზიას არ აპატიეს, რომ საზმაუდ არ იქცა

“აჭარის ტელევიზიას არ აპატიეს, რომ არ იქცა საზმაუდ, რომ შეიკედლა ”რადიო თავისუფლების” გადაცემები, რომ არ ეწეოდა ხელისუფლების პროპაგანდას და ობიექტური, დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა”-წერს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

რომან გოცირიძის თქმით, მაუწყებლის დირექტორი ვერ აიტანეს ბოლო რამდენიმე თვითაც კი, რადგან ისედაც გასდიოდა ვადა.

“ეს ერთის მხრივ, წინასაარჩევნოდ ტელევიზიის გაკონტროლების, მეორეს მხრივ, მისი დირექტორის დასჯის მიზნით მოხდა ეს. ვინც დაარღვევს არაფორმალური მმართველობის წესებს, ყველას მოუვა ასე. ეს დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ სამარცხვინო ფაქტიდან. ამ ამბავს ცუდი რეაქცია მოჰყვება საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდანაც” – წერს პარლამენტარი.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა.  ნათია კაპანაძე გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *