World atlas-ი სტატიაში საქართველოს წამყვანი 4 ინდუსტრიის შესახებ წერს

“საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც კავკასიის ევროპულ ნაწილში მდებარეობს და დაახლოებით 69 ათას 700 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათასს უტოლდება, ხოლო დედაქალაქი – თბილისია”, – ეს არის ამონარიდი იმ სტატიიდან, რომელიც World Atlas-მა საქართველოსა და მისი წამყვანი ინდუსტრიების შესახებ დაწერა.

World atlas-ის სტატიაში საქართველოს წამყვანი 4 ინდუსტრიაა წარმოდგენილი. მათგან ერთ–ერთი სამთომოპოვებითი საქმიანობაა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ამ მიმართულების ათვისება საუკუნეების წინ დაიწყო. ქართველები ოქროს, ბრინჯაოს, თითბერის, რკინისა და სპილენძის მოპოვებით საქმიანობას ეწეოდნენ. World atlas-ი იმასაც ამბობს, რომ საქართველო მანგანეზის მსხვილი მომპოვებელიც იყო. ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი 300-ზე მეტი ლოკაციაა, თუმცა მათგან მხოლოდ 50% არის ათვისებული.

„საქსტატის” მონაცემებს თუ გადავხედავთ, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იანვარ-მარტთან შედარებით, 3,8%-ით არის შემცირებული. სტატიაში გამოყოფილია სოფლის მეურნეობაც, რომელიც ქვეყანაში ჯამში, მოსახლეობის 55%-ს ასაქმებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოში არსებული ნიადაგი და კლიმატი სასოფლო-სამეურნეო სექტორს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ სფეროდ აქცევს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორი საბჭოთა კავშირის დაშლისა და სამოქალაქო არეულობის შედეგად დაზარალდა, მაგრამ დარგი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და განსაკუთრებით მევენახეობა და მეღვინეობა განვითარდა, რაც ამ სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მნიშვნელოვან სექტორად მიიჩნევა ტურიზმიც, რომელიც როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,7%-ია და ამ სექტორიდან ქვეყნის შემოსავლი 1.94 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. 2018 წელს საქართველომ 8,7 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. როგორც world atlas-ი წერს, 2018 წელს ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანამ რუსეთიდან (1,404,757), აზერბაიჯანიდან (1,424,610), თურქეთიდან (1,098,555) და სომხეთიდან (1,268,886) მიიღო.

სტატიის ავტორების შეფასებით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტურიზმის განვითარების კუთხით, განხორციელდება ტურისტული ლოკაციების ინფრასტრუქტურულად გამართვაში. სტატიის ავტორის თქმით, საქართველო 2025 წლისთვის 11 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობას გეგმავს, შემოსავალის სახით კი ამ დროისთვის ქვეყანა 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

კიდევ ერთი სექტორი, რომელიც გამოცემამ გამოყო, ენერგეტიკაა და წერს, რომ საქართველოს გააჩნია ფართო ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, რაც სერიოზულ შანსს აძლევს ქვეყანას, რეგიონში ელექტროენერგიის მიმწოდებელი გახდეს, ხოლო აქ არსებული 26 ათასი მდინარიდან, 300 ენერგიის წარმოების კუთხით, მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი