გიორგი ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ისრაელში კეზერაშვილის თემის გააქტიურებაში ივანიშვილის ხელი ერიოს

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ ისრაელში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საკითხის გააქტიურებაში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელი ერიოს.
როგორც ახვლედიანმა “კვირას” განუცხადა, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა მექანიზმით მიაწოდა ინფორმაცია ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებს კეზერაშვილის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.
“ძალიან საინტერესო რეალობა შეიქმნა: კეზერაშვილი, რომელმაც, თითქოს, თავი დააღწია ქართულ მართლმსაჯულებას, მოახერხა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ისრაელში დამკვიდრება და გარკვეული თავდაცვითი მექანიზმების შემუშავება იქაც კი თავისი ბუნებიდან გამომდინარე გახდა ძალიან სერიოზული დევნის საგანი. თუ კეზერაშვილს იქ დაიჭერენ და სამართალდამცველებთან პრობლემები შეექმნება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის ხელიც ერიოს, ფული ძალიან ბერვ რამეს წყვეტს. იქაური ჩინოვნიკების ყიდვას არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ გარკვეულწილად ფინანსური მექანიზმების საშუალებით ისეთი სახის გავლენებს, რომლითაც მოხერხდა იგივე ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესება კეზერაშვილთან მიმართებით მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ეს შეიძლება, იყო კეზერაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე იქაური სამართალდამცველებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება, მსგავსი თემების გააქტიურება და ა.შ. გარდა ამისა საქართველოშიც არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ახალი საქმეები უნდა გაჩნდეს. კეზერაშვილი საქართველოში ოთხ საქმეზე იყო ბრალდებული, აქედან სამში გამართლდა, შვიდი ნოემბრის საქმეში დარჩა ბრალდებული. ამასთან, მას შემდეგ რაც კეზერაშვილმა დაიწყო საუბარი რომ ტელევიზია უნდა დააფინანსოს (თუმცა ცოტა არაადეკვატურია, კაცი რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია, აქ ბრალდებულია, ციხე ემუქრება, უცხოეთიდან ტელევიზიის დაფინანსებას აპირებდეს, ტელევიზია ასე არ იქმნება) ამ გაცხადებული სურვილების შემდეგ რომ გააქტიურდა თემები არ მიკვირს, ამიტომ ისრაელშიც რომ გააქტიურდა რაღაც გარკვეული საკითხები, არ გამოვრიცხავ, რომ ამაში ბიძინა ივანიშვილის ხელი ერიოს. რაც შეეხება კეზერაშვილს – თუ სასამართლო ძიება დაიწყება და კონკრეტული შედეგი დადგება გამოჩნდება, რომ კეზერაშვილი ეს არის ადამიანი, რომელიც რომელ ქვეყანაშიც უნდა იყოს, ჩადის დანაშაულს”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით ისრაელში კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი