ფილიპინების შემდეგ, „დენგეს ცხელება“ ბანგლადეშში ვრცელდება — დაღუპულია 40 ადამიანი

ბანგლადეშში წლის დასაწყისიდან „დენგეს ცხელებას“ უკვე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Daily Star-ი ქვეყნის ხელისუფლების მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გაზეთში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.
უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, “დენგეს ცხელების” ნიშნებით 2 ათასზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
დაკას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ამჟამად, 407 პაციენტი მკურნალობს, რომელსაც ცხელება დაუდგინდა.
“დენგეს ცხელება” არის გლობალური მნიშვნელობის არბოვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა Aedes გვარის კოღოს მიერ.
აღნიშნული მწერი გავრცელებულია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, კერძოდ, ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, მიანმარზე, ვიეტნამში, სუდანში, მოზამბიკში, ჰონდურასში, კოსტა რიკაზე, ბრაზილიასა და ფილიპინებზე.
“დენგე” რნმ ვირუსია, რომელიც ფლავივირუსის გვარს/Flaviviridae მიეკუთვნება.
აღნიშნულ ოჯახში, ასევე, შედის “ყვითელი ცხელების” ვირუსი, “დასავლეთ ნილოსის” ვირუსი, “იაპონური ენცეფალიტის” ვირუსი, “ზიკას” ვირუსი და “სეინტ ლუისის ენცეფალიტის” ვირუსი.
“დენგეს ვირუსული ინფექცია” კლინიკურად იწვევს მრავალფეროვან მძიმე და არამძიმე გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი 3-დან 14 დღემდე გრძელდება (საშუალოდ, 7 დღეს).
ფილიპინებზე ამ ცხელებით წლის დასაწყისიდან უკვე 622 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირებულია 146 ახალი შემთხვევა. ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს 98%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი