ირლანდიაში საქართველოს ელჩი: საქართველოში «რაინეარის» შემოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას

ირლანდიაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოში მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის – „რაინეარის” შემოსვლა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი მაგალითია.
მისივე თქმით, „რაინეართან” ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრავალწლიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. როგორც დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
„მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კომპანია „რაინეარი” საქართველოში შემოდის. აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხედავენ დიდ ტურისტულ, ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროების განვითარებას”, – აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.
ირლანდიაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მხარესა და ირლანდიურ ავიაკომპანია „რაინეარს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
შეგახსენებთ, ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის” კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს.
„რაინეარი” თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იფრენს.
პირველი ფრენა 6 ნოემბერს თბილისიდან მილანის მიმართულებით შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი