რატომაა საქართველოში კრედიტი ძვირი — რას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა და სად ისესხებთ ფულს ყველაზე იაფად

სად მოვიძიოთ, ანუ ვისესხოთ ფული ისე, რომ უკან რაც შეიძლება ნაკლები დავაბრუნოთ? არსებობენ თუ არა ასეთი კრედიტორები? როგორც ირკვევა, არსებობენ. მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში უკვე მიღებული პრაქტიკაა, როცა ცენტრალური ბანკები კომერციულ ბანკებს სესხებს მიზერულ – ხშირ შემთხვევაში ნულოვანი ან ე.წ. უარყოფითი პროცენტით აძლევენ. სხვა საქმეა, რომ ამ სესხის მიმღები კერძო ბანკები კლიენტებს უფრო მაღალი პროცენტით ემსახურებიან, თუმცა ფაქტია, რომ ამგვარი პრაქტიკა ფინანსურ რესურს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
მაგალითად, შვეიცარიაში ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი მინუს 0.75% შეადგენს, ანუ ამ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, კომერციულ ბანკებს აქეთ გადაუხადოს, ოღონდ მათ ბიზნესს კრედიტი არ გაუძვირონ. შვეიცარიის მსგავსად, უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი ( – 0.65%) მოქმედებს დანიაშიც. უარყოფითი საპოცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნების ოთხეულშია იაპონია ( -0.1%) და შვედეთიც (-0.5%) 0 % დან 1% -მდე მერყეობს საპროცენტო განაკვეთი ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა; ბულგარეთი,( 0%) ისრაელი,( 0.1%) სამოა, (0.14%) დიდი ბრიტანეთი, ( 0.5%) ნორვეგია, (0.5%) ფიჯი ( 0.5 %) ჩეხეთი,(0.75%) უნგრეთი,(0.9%). იმ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 1 %-ზე მეტი მაგრამ 2 %-ს არ აღემატება ასე გამოიყურება: ტაივანი (1.75%), აშშ (1.5%), სამხრეთ კორეა (1.5%), ავსტრალია (1.5%), პოლონეთი (1.5%), ბაჰრეინი (1.75%), ჰონკონგი (1.75%), ახალი ზელანდია(1.75%).
სპეციალისტების განმარტებით, ამ ქვეყნებში საბანკო სესხების სიიაფეს, ანუ დაბალ საპროცენტო განაკვეთს ძლიერი ეკონომიკა, ბანკებს შორის მაღალი კონკურენცია და გასასესხებელი კაპიტალის დიდი მოცულობა განაპირობებს.
რა ხდება საქართველოში? საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 16.2%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში (დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.7%.
თუ საქართველოსა და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში არსებულ საშუალო საპროცენტო განაკვეთებს შევადარებთ, სხვაობა მართლაც თვალშისაცემია და არა – საქართველოს სასარგებლოდ. მაგალითად, გერმანიაში სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1.7 % -ია. ავსტრიაში და ფინეთში 1.9% , ჰოლანდიაში 2% . ამდენივეა საპროცენტო განაკვეთი შვედეთშიც. შესაბამისად, 2.1, 2.5, 2.9, 3 % და 3.2 პროცენტია საპროცენტო განაკვეთი საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში,უნგრეთსა და ლიტვაში. თუმცა, ფიქსირდება უფრო მაღალი პროცენტებიც: ესპანეთი 9.1%, ხორვატია 7.8%, ბულგარეთი 7.5%, ისლანდია 7.4 %, რუმინეთი 6.2%, საბერძნეთი 6%, სლოვენია 5.5%, პოლონეთი,5.5%, ესტონეთი 5.1% და ლატვია ასევე 5.1% .
ფინანსისტები საქართველოში სესხის სიძვირის რამოდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველი, ესაა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ( 16 ბანკი) შედარებით მწირი სააქციო კაპიტალი, რაც, დაახლოებით, 1.8 მლრდ. დოლარია. შედარებისათვის, დანიაში, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე პატარაა და მხოლოდ 1.5 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხუთი ისეთი ბანკია, რომელთა აქტივები $10 მილიარდს აღემატება. მეორე მიზეზია მსესხებლების დაბალი და არასტაბილური შემოსავალი, ანუ მაღალი რისკი იმისა, რომ მსესხებელი ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს. მიზეზების ჩამონათვალშია, ასევე, ეროვნული ვალუტის არასტაბილურებაც. კურსის მკვეთრი ცვლილების გამო, მსესხებლებმა თანხა შეიძლება, ვერ დააბრუნონ და ბანკს პრობლემა შეექმნას. სესხის სიძვირის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ბანკებს შორის დაბალი კონკურენცია და კაპიტალის ბაზრის დაბალი აქტივობაც. გასათვალისწინებელია, ასევე, ქვეყნის პოლიტიკური და მაკროეკონომიკური რისკები, ბაზრის დივერსიფიკაცია, ინფლაციის დონე და ა.შ.
სპეციალისტების განმარტებით, სესხის სიიაფეს ან სიძვირეს განაპირობებს, ასევე, რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც ეროვნული ბანკი ადგენს. რეფინანსირების სესხი მოკლევადიანი სესხია, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს.
ბინის, აგარაკის, მიწის ან სხვა ძვირადღირებული ნივთის შეძენისას მოსახლეობა უპირატესობას იპოთეკური სესხის აღებას ანიჭებს. სტატისტიკური ინფორმაციის პორტალ Numbeo-ს მონაცემებით, 2019 წელს იმ ქვეყნების სამეული, სადაც იპოთეკურ სესხებზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთია, ასე გამოიყურება: იაპონია 1.21 % 1 დან 35 წლამდე ვადით, შვეიცარია 1.42% 2 დან 100 წლამდე ვადით და 1.35% 35 წლამდე ვადით. საქართველოში იპოთეკურის სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში, დაახლოებით, 7.5%, ხოლო დოლარში 4.5% -ია.

კომენტარები

კომენტარი