გია ვოლსკი: ხალხთან შეხვედრებს ვმართავთ, რათა სწორად განვსაზღვროთ რა არის მათთვის პრიორიტეტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი და გიორგი გაჩეჩილაძე ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურიაში დაბა ლაითურში, ნარუჯაში და ანასეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს. შეხვედრებზე ასევე გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარია და ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტულ პრობლემების მოსმენასთან ერთად, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მათ რეგიონში მიმდინარე პროექტებიც გააცნეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის თქმით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია, რათა ბიუჯეტის დაგეგმვისას სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.

“2020 წლის ბიუჯეტზე ვმუშაობთ, ხალხთან ვმართავთ შეხვედრებს, ვისმენთ იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია და რაც უნდა გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტისთვის, იმისთვის რომ სწორად განვსაზღვროთ რა არის მათთვის პრიორიტეტი”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ შეხვედრებზე ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხები წამოაყენა.

” მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. მონაწილეობენ როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  როცა ყველა ისმენს პრობლემას მარტივია რეაგირებაც. ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხებია პრობლემა. პირდაპირ მოსახლეობისგან  ვიგებთ მათ საჭიროებებს და მნიშვნელოვანია ასახული იყოს ეს პრობლემები 2020 წლის ბიუჯეტში”,-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი