სად რამდენი -გადასახადები საქართველოში, დსთ-სა და მსოფლიოში

ერთ -ერთი ყველაზე ლიბერალური და მიმზიდველი – ასე აფასებენ საქართველოს საგადასახადო სისტემას საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ეკონომისტების შეფასებით, სწორედ დაბალ გადასახადებს უკავშირდება ის ფაქტიც, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო Doing Business-ის რეიტინგში მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოში ამჟამად სულ 5 სახის გადასახადი მოქმედებს. ესენია: დამატებითი ღირებულების (18%), საშემოსავლო (20%) და მოგების გადასახადები (15%), ასევე აქციზი და საბაჟო მოსაკრებელი. აღსანიშნავია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე საქართველოში 21 სახის გადასახადი მოქმედებდა. 2017 წლიდან საქართველოში ძალაში შევიდა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიას მოგების გადასახადისაგან ათავისუფლებს.
განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში. ასეთი საქართველოში სამია. ესენია: თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ჰუალინგ ქუთაისი; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ამ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები და ფირმები მოგების და აქციზის გადასახადს არ იხდიან. თავისუფალი ეკონომიკური ზონების უპირატესობებია ასევე ნულოვანი განაკვეთი ე. წ. კორპორატიულ გადასახადზე და მოთხოვნის არარსებობა მინიმალურ კაპიტალზე.
საქართველოში უცხოელებისთვის საკმაოდ ადვილი და მოსახერხებელია უძრავი ქონების შეძენაც. სახლის, აპარტამენტის ან ბინის შეძენის შემთხვევაში უცხო ქვეყნის რეზიდენტი არანაირ გადასახადს არ იხდის. ის მხოლოდ მაშინ დაიბეგრება, თუ კუთვნილ ქონებას გააქირავებს. ამ შემთხვევაში მას ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული მოგებიდან 5 % -ის გადახდა მოუწევს.მსო
ფლიო ბანკისა და PWC -ის ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გადასახადების სიმცირით საქართველო პოსტსაბჭოთა და დსთ – ს სივრცეშიც ლიდერია. მთლიანი საგადასახადო ტვირთი (total taxrate)საქართველოში 16.4 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზე დსთ -ს ქვეყნებიდან სომხეთია. ფისკალური დატვირთვა ამ ქვეყანაში 19.9 %-ს აღწევს. 29 % -ით მესამე ადგილზე ყირგიზეთია. მეოთხეზე 29.2 %-ით ყაზახეთი. ყველაზე დიდი საგადასახადო ტვირთით დსთ -ს ქვეყნებს შორის ბელარუსი ( 51.8 %) უკრაინა ( 52.2%) და ტაჯიკეთი ( 81.8%) გამოირჩევა. საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით საკმაოდ მაღალი ფისკალური დატვირთვით 39.8% -ით გამოირჩევა აზერბაიჯანიც. სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება: რუსეთი – 47.1%, ესტონეთი – 49.4 %, ლიტვა – 42.6%, ლატვია – 35.9%, მოლდოვა – 40.2%, უზბეკეთი – 41.1 %. საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალი ფისკალური ტვირთი აქვს თურქეთს – 40.9 %.
საინტერესოა, რომ total taxrate -ის საშუალო მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40.8% -ს შეადგენს. მსოფლიოს რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ახლო აღმოსავლეთი – 24.2%, ცენტრალური აზია და აღმოსავლეთ ევროპა – 35.2%, აზია ოკეანია – 36.6%, ჩრდილოეთ ამერიკა – 38.9 %, ევროკავშირი – 40.6%, ცენტრალური ამერიკა – 42.1 %, აფრიკა – 46.9%, სამხრეთ ამერიკა – 55%. როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი total taxrate, ანუ საგადასახადო ტვირთი, კომორის კუნძულებზე ფიქსირდება. ფისკალური ტვირთი აქ 216 %-ს აჭარბებს. მაღალია გადასახადები არგენტინაშიც, სადაც საგადასახადო ტვირთი 137 %-ს აღემატება. 83.7%-ით მესამე ადგილს ბოლივია და ერიტრია ინაწილებენ.

კომენტარები

კომენტარი