მრავალწლიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი „ნეიჩა“ (Nature) დმანისის ახალი აღმოჩენის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი“ (Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny).

სტატიაში საუბარია, რომ დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს, გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია. ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ უკონზე, ჩრდილო-დასავლეთ კანადაში აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო აღებული.

აღმოჩენისა და ახალი კვლევის შესახებ ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლორენცო რუკიმ მედიასთან განაცხადეს.

მეცნიერთა თქმით, „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულურ კვლევებში, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველებისა და ადამიანის წინაპრის ისტორია“.

ბიომოლეკულური პროექტი შეიქმნა კოპენჰაგენისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძისა და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდან არის მიღებული.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი