ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად დონორებთან მოლაპარაკებებს იწყებს

“ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს”,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის წევრებმა განიხილეს.
მისი განცხადებით, პროექტი თბილისის მერიის ინიციატივაა და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კვანძს წარმოადგენს.
„ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია. საუბარია სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარებაზე, იქნება, დაახლოებით, შვიდი სადგური. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ აშშ დოლარიდან 218 მლნ აშშ დოლარამდეა.
​„ვიცით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი. მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში. საუბარია სესხზე, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი