იენს სტოლტენბერგი: ვიმედოვნებ, რომ თურქეთი თავშეკავებულად იმოქმედებს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი თურქეთისგან თავშეკავებას ელოდება, რომელმაც ოთხშაბათს, სირიის ჩრდილოეთით, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იტალიის პრემიერმინისტრთან ჯუზეპე კონტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ნატოს სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთს გააჩნია კანონიერი წუხილის საფუძველი უსაფრთხოების სფეროში, რომელზეც საშინელი ტერორისტული თავდასხმები მოხდა.

ამავდროულად, ის გამოდის მოწოდებით, მოხდეს ისეთი ქმედებების თავიდან არიდება, რომლის გამოც, შესაძლოა, რეგიონში კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

„ვიმედოვნებ, რომ თურქეთი იმოქმედებს თავშეკავებულად და უზრუნველყოფს, რომ ჩვენ მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებას საფრთხე არ შეექმნას“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ის დარწმუნებულია, რომ ოპერაცია სირიაში იქნება ზომიერი და პროპორციული.

მსივე თქმით, ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან პარასკევს, სტამბოლში შეხვედრის დროს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი