«ის თავიდანვე განსაკუთრებული იყო, შენიშვნაც კი არასოდეს დაუმსახურებია» — არჩილ თალაკვაძის პირველი მასწავლებელი მის ბავშვობას იხსენებს

“მშობლებს მივყავართ სკოლაში და შემდეგ მასწავლებლებს მივყავართ მთელი ცხოვრება. 30 წელი გავიდა. ისევ დავბრუნდი ჩემს პირველ მასწავლებელთან, ლიანა გარაყანიძესთან მადლობის სათქმელად.”

ეს სიტყვები პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში დაწერა და თავის პირველ მასწავლებელთან სტუმრობის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა ის ყოველთვის გამოირჩევა თავისი სკოლისადმი ყურადღებით, განსაკუთრებით კი ემოციურია მისი დამოკიდებულება პირველი მასწავლებლის მიმართ.

ლიანა გარაყანიძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც არჩილს ანბანი ასწავლა და პარლამენტის თავმჯდომარე არასოდეს ივიწყებს მას. რამდენჯერმე მოინახულა და ცხოვრების ასპარეზზე კარგი დასაწყისისთვის საჯარო მადლობაც გადაუხადა.

როგორი მოსწავლე იყო არჩილი, რა თვისებებით გამოირჩეოდა და როგორ დაამახსოვრა თავი მან სკოლას და მასწავლებლების, ამის გასარკვევად “რეგიონული კვირა“ ოზურგეთში, ლიანა მასწავლებელს ესტუმრა .

კლასში ძალიან ბევრი წარჩინებული მოსწავლე მყავდა, მაგრამ ამათ შორის რამდენიმე გამოირჩეოდა. მათ შორის არჩილ თალაკვაძე, იგი ლიდერი იყო კლასში. მეორე კლასიდანვე ბუნებრივი ლექსიკური მარაგი გააჩნდა და  სწორედ მაგ დროს დაიწყო ლექსების  წერა.

მოვიდა ერთ დღეს ჩემთან და მეუბნება: “აი, მასწავლებელო, მე როგორი ლექსი დავწერეო“ –   მითხრა და წაგვიკითხა კლასში. შევაქე, თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი, ასე გააგრძელე. გავიდა წლები და სტუდენტობის დროს მისი ლექსების პატარა წიგნიც დაიბეჭდა, რომელიც მეც მისახსოვრა და დღემდე გულდაგულ ვინახავ“.   

როგორც ლიანა მასწავლებელი ამბობს, არჩილი ყველაზე აქტიური და ყველასგან განსხვავებული მოსწავლე იყო.

“კლასში ყველასგან გამოირჩეოდა, ძალიან აქტიური იყო. ყველა  საგანი უყვარდა, გამორჩევით ვერ გეტყვით. თუმცა მათემატიკაში ძალიან ძლიერი იყო. თვითონ აზროვნებდა, რა რთული ამოცანაც არ უნდა მიმეცა, ყველაფერს დამოუკიდებლად ამოხსნიდა. აქტიური მოსწავლე იყო და ამით ლიდერობას და შექებას იმსახურებდა. წარმატებით გადადიოდა ერთი კლასიდან მეორეში. ამიტომ ხშირად იღებდა ქების ფურცელს, რომლებიც ახლაც კი  შენახული მაქვს. წარჩინებული ყოფაქცევისაც იყო და წარჩინებულადაც სწავლობდა.”

მისი თქმით,  ჰუმანურობით არჩილი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა და ცდილობდა მუდამ დახმარებოდა მეგობრებს.

“არ იყო ისეთი, რომ ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა. საერთო ენას გამონახავდა კლასთან. ძალიან ჰუმანური იყო. მერეც, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, იქ მოხვდა მისი თანაკლასელი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, არჩილმა დიდი ყურადღება გამოიჩინა და გამოიყვანა მდგომარეობიდან.მეგობრებისთვის ყოველთვის ძალიან თავდადებული იყო. ახლაც ვიცი, რომ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს მათ მიმართ. ძალიან აფასებს ყველას, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მასწავლებელს, ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ არჩილი ძალიან ყურადღებიანია, არ ივიწყებს მას და ხშირად ცდილობს მოინახულოს.

“თუნდაც ჩემი ამბავი ავიღოთ. ვიდრე მაჟორიტარი გახდებოდა, მაშინაც მინახულა. სითბო გამოამჟღავნა. ახლაც მოვიდა, ძალიან გამიკვირდა, ისეთი თანამდებობა აქვს, რომ ძალიან დატვირთულია. დრო არ აქვს სულ და მაინც გამონახა დრო, მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა.

მე პირიქით მადლობელი ვარ მისი, რომ ასეთი წარმატებული ადამიანი დადგა ჩემი მოსწავლე. მე მეამაყება ის ძალიან. ჩემი მოსწავლე რომ იყო, ჩემს საკლასო ოთახში რომ იჯდა, ჩემთან რომ კონტაქტობდა – ამით ვარ ძალიან ამაყი და კიდევ იმის გამო, რომ თვითონაც ამ ყველაფერს რომ აფასებს.

არჩილი მარტო ჩემი სახელი არ არის. ის არის ჩვენი სკოლის თითოეული პედაგოგის დამსახურება. საამაყოა ყველასთვის.

ვიცოდი, რომ ასეთი განსაკუთრებული ადამიანი  იქნებოდა. აი, აქ პირველად რომ ჟურნალისტები მოყვნენ, მაშინ მკითხეს, ელოდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდაო?

მაშინ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არჩილისგან  უფრო მეტს ველოდები – მეთქი. ახლა გავახსენე, ხომ გიწინასწარმეტყველე, მეტს მოველი თქვენგან მეთქი? მართლაც, ფაქტი სახეზეა. თავიდანვე ჰქონდა მას ეს მონაცემები და მერე უფრო მეტად განიცადა მისმა ცოდნამ და უნარებმა პროგრესი.

მე მას თავიდანვე ვამჩნევდი, რომ ის განსაკუთრებული იყო. შენიშვნაც კი არასოდეს დაუმსახურებია. ამიტომ მის  მშობლებს ვუცხადებ განსაკუთრებულ მადლობას, რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდეს.”

ლიანა გარაყანიძე ამჟამად 82 წლისაა, მასწავლებლად 45 წელი იმუშავა, უამრავი თაობა გაზარდა და  უკვე თითქმის 10 წელია რაც სკოლა საკუთარი სურვილით დატოვა. ამბობს, რომ მოსწავლეების 10 თაობა აღზარდა  და ყოველთვის ამაყობს ასეთი წარმატებული და კარგი ადამიანების აღზრდით.

[embedded content]

კომენტარები

კომენტარი