«ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს — დიახ, გვაკავშირებს, იმიტომ რომ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს»

ხვალიდან, ქართული სამღვდელოებისთვის, დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შედგა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს პრობლემა ეტაპობრივად უნდა გადაწყდეს, ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით.

„სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, მე ამას სრულად ვეთანხმები. მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ეტაპობრივად, ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი.

ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მოქალაქეებს, გვმართებს უაღრესი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდო პატრიოტულ გამონათქვამებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის ის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი