გიორგი გახარია: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სეროზული პროგრესი.
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, – განმარტა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი