მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართება, საზოგადოებას ეპატიჟება

იწყება სასამართლო პროცესი, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. “ფულის გათეთრება” დაედო, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

“ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. “ფულის გათეთრება“ დაედო.
ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის – შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!
ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება – ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!
გეპატიჟებით ყველას – საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – #ესდასრულდება!,”- წერს ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი