გრიგოლ ლილუაშვილი: საკანონმდებლო ხარვეზი საშუალებას იძლევა ჯანმრთელმა, ქართველმა, ახალგაზრდა კაცმა თავი აარიდოს სამშობლოს წინაშე ვალის პირნათლად მოხდას და მგონია, რომ ეს  დეზერტირობაა 

“ხშირ შემთხვევაში იმ ფასეულობების დაკნინება ხდება, რაც პატრიოტიზმს უკავშირდება, საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალის მოხდას. ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხარვეზი საშუალებას იძლევა “ჯანმრთელმა, ქართველმა ახალგაზრდა კაცმა თავი აარიდოს სამშობლოს წინაშე ვალის პირნათლად მოხდას, მგონია რომ ეს პირდაპირ არის დეზერტირობა”.

“კანაფის ფესტივალიდან, მეორე კანაფის ფესტივალამდე ასეთი განწყობები იქნება. მე ნუ შემაფასებინებთ სერიოზულად ამ განწყობებს, რაც მათი წევრების მხრიდან არის დაფიქსირებული, ამას იმედია საზოგადოება არ იზიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ძალიან უმართავი პროცესები განვითარდებოდა, თუმცა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რაც არსებობს და სამწუხაროდ საშუალებას აძლევს მათ იმისათვის, რომ ჯანმრთელმა, ქართველმა ახალგაზრდა კაცმა თავი აარიდოს სამშობლოს წინაშე ვალის პირნათლად მოხდას, მგონია, რომ ეს პირდაპირ არის დეზერტირობა და არანაირი შეხება არ გააჩნია რაღაც ღირებულებებთან”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ის წუნს ვერ დაუდებს განათლებაში და განვითარებაში, თუმცა ფიქრობს, რომ მათ ეროვნულობის განცდა აკლიათ.

“ჩვენს ახალგაზრდებს, ახალ თაობას, წუნს ვერ დაუდებ განათლებაში, წუნს ვერ დაუდებ განვითარებაში, გონებრივ შესაძლებლობებში, თუმცა მათ აკლიათ ეროვნულობის განცდა და ჩვენდა სამწუხაროდ შეძლებული ფენის ოჯახებიდან ნაკლებად ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში შვილების გაშვება, ეს ჩვენთან არამოდურად ითვლება და როდესაც სამშობლოს უჭირს და სისხლისღვრების შედეგად გმირები დებენ თავს ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გმირები, არც ერთი მათგანი არ არის შეძლებული ან ელიტარული ოჯახებიდან გამოსული.

აი ეს არის ჩვენი მენტალური პრობლემა როცა ჩვენ გვინდა მშვიდობა სხვისი ოჯახის წევრების ხარჯზე, კეთილდღეობა, ამ დროს ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა აჩვენონ სხვას პირველ რიგში მაგალითი, ეს სერიოზული პრობლემაა. სერიოზულად პრობლემად მიმაჩნია ისიც, რომ შეძლებულ ოჯახს, ვისაც შეუძლია სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის რაღაც თანხა გადაიხადოს, რამდენიმე ათასი, შეუძლია შვილი განარიდოს ამ სავალდებულო სამსახურის მოხდას და ამით ძალიან ბევრი რამ დააკლოს საკუთარ ქვეყანას. ბავშვი, რომელიც ვერასდროს ვერ ემთხვევა საკუთარ დროშას, ბავშვი, რომელსაც გააზრებული არ ექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში საქართველოს ჰიმნი და ის ღირებულებები, რაც ქვეყნის ატრიბუტიკასთან გამოხატვით შეიძლება რომ შეაგრძნობინო, ეს ყველაფერი უცხო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის. თუ დააკვირდებით სამოქალაქო აქტივისტებსაც, მათი ქცევა, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მათგანის, არ იქნებოდა ისეთი ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან, მათ რომ ჰქონოდათ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური. მე სპეციალურად დავინტერესდი ამ კუთხით, არც ერთ მათგანს ეს სამსახური არ აქვს გავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ძალიან მეეჭვება, რომ ვინმეს შარვალი ჩაეხადა ქართველ კაცს და უკანალი ეჩვენებინა თუნდაც მტრისთვის”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი