ადვოკატი: ირაკლი კაკულია თავს დამნაშავედ არ ცნობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა განაცხადა, მას გამოძიება ხუთ მუხლს ედავება, ესენია:     თაღლითობა, ქონების უკანონო მითვისება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურეობრივი გულგრილობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ადვოკატ ნუგზარ ტყებუჩავას თქმით , ოთხივე ბრალდებულის დაკავება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა და ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ
“თავს არ ცნობენ დამნაშავედ. ეს ეხება მალთაყვის სანაპიროს. თავს გრძნობს ნორმალურად,იმიტომ რომ დანაშაული არ ჩაუდენია,”- განაცხადა ნუგზარ ტყებუჩავამ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია დააკავა. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
“გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

კომენტარები

კომენტარი