„ბევრჯერ შემოუთავაზებიათ, მუზეუმი დედაქალაქში გადამეტნა, მაგრამ არ დავთმე“ — საქართველოს „მედია მუზეუმი“, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს

უძველესი ფოტოაპარატები, კინოფირი, საბეჭდი მანქანა, პოლიგრაფიული ნაშრომები და სხვადასხვა ექსპონატები, საქართველოში ერთადერთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის „მედია მუზეუმში” არის დაცული. ჯამში, „მედია-მუზეუმში“ 13 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული და მათ შორის, უძველესი გაზეთი ,,კვალი” 1901 წლითაა დათარიღებული.
მუზუმის შექმნის იდეის ავტორსა და დამფუძნებელს, ჟურნალისტ მანანა დამენიას, 90-იან წლებში ჟურნალისტის კალამი ხელში უსამართლობამ ააღებინა, რომელიც 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე იძულებით დაადებინა. მუზეუმის შექმნის იდეა, საკუთარი გამოცდილებით დაგროვილი მასალების საფუძველზე გაუჩნდა, შემდეგ მრავალი წელი იბრძოლა და გამოუვიდა.
„კოლეგებს ხშირად უსაყვედურიათ, განათლებით მშენებელს რა მინდოდა ჟურნალისტიკაში. რა თქმა უნდა, იმ დროს არსებულმა უსამართლობამ ამაღებინა კალამი ხელში და ასევე უსამართლობამ 2008 წელს იძულებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამადებინა. წერილიც კი მივწერე მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძეს. მოვითხოვე დასაბუთებული, ახსნა-განმარტება, თუ რატომ დაიხურა ჩვენი რედაქცია. პასუხი დღემდე არ მაქვს. ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩვენ ობიექტურად კრიტიკულები ვიყავით“, – ამბობს მანანა დამენია.
მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს ჟურნალისტი 20 წელზე მეტ ხანს აგროვებდა. მისი თქმით, მუზეუმის შექმნის მიზანი, მომავალი თაობისთვის, ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიის შენახვა და ნამუშევრების გაცნობაა.
„მუზეუმი 2014 წელს გაიხსნა, სადაც 13 000-ზე მეტი ექსპონატია თავმოყრილი. უმეტესად, წარმოდგენილია ჟურნალისტების, პოლიგრაფისტების, ფოტოკორესპონდენტების, ტელეოპერატორების ნამუშევრები და მოიცავს საქართველოს მთელი რეგიონიდან მოწოდებულ მასალებს, ძველი თაობის ჟურნალისტების ნაქონ მემორიალურ ნივთებს”,- განმარტავს დამენია.
მუზეუმი დღეს ერთ პატარა ოთახშია წარმოდგენილი. მიუხედავად ფართის სიმწირისა, ის დამთვალიერებლების ნაკლებობას არ უჩივს. დამფუძნებელს წინ დიდი გეგმები აქვს, რომელსაც „რეგიონულ კვირას“ უყვება.

კომენტარები

კომენტარი