გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ყოფილ ბენეფიციარებს შეხვდნენ

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სტუმრობდნენ.

პროცედურის დასრულების შემდეგ, საჯარო მოხელეები აღნიშნული დაავადებისგან განკურნებულ მოქალაქეებს შეხვდნენ. ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ყოფილი ბენეფიციარები აღნიშნავდნენ, რომ დაავადება განკურნებადია და მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა C ჰეპატიტის მკურნალობას ამარტივებს.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გიუნაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულებებთან ერთად, ამ ეტაპზე დაავადების დიაგნოსტიკას სოფლის ამბულატორიებიც უზრუნველყოფენ.

“C ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომლის გადაცემის ძირითად ფაქტორს დაინფიცირებული სისხლი წარმოადგენს. იგი ღვიძლის ციროზისა და კიბოს გამოწვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. C ჰეპატიტი მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და ხშირად, ვირუსით ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება ჩივილები, შესაბამისად, C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანი თავისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ვირუსის მიერ ღვიძლი უკვე დაზიანებულია. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანიაგილეად“-ის მხარდაჭერით. პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების პრევენცია”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი