კესელოს ციხის რესტავრაციის მორიგი ეტაპი დასრულდა

თუშეთის სოფელ ომალოში,  კესელოს ციხის რესტავრაციის მორიგი ეტაპი დასრულდა. ციხეს რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „კესელოს“ ერთობლივი ძალისხმევითა და თანადაფინანსების საფუძველზე უტარდება.
არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ 2001 წელს მომზადებული სარესტავრაციო პროექტის მიხედვით, 2019 წლის სარეაბილიტაციო პროცესმა უმთავრესად არქიტექტიურული კომპლექსის ინფრასტრუქტურული მოწყობის ნაწილი მოიცვა, რომელიც კომპანია „იკორთა 2007“-მა შეასრულა:

მოსწორდა და გაფართოვდა კოშკთან მისასვლელი ბილიკები;
კლდეში გამოიჭრა კიბის საფეხურები;
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები;
სიპი ქვის წყობით კიდუღაბზე აღდგა დანგრეული გალავანი.

სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „კესელოს“ დონორების დაფინანსებით, მიმდინარე წელსვე დასრულდა კესელოს ციხის #7 3 სართულიანი კოშკის რესტავრაციის პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო. 2019 წლამდე კესელოს კომპლექსის 6 ციხე-სახლის რესტავრაციაც ფონდის ძალისხმევით განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს კომპლექსი მომდევნო წლებშიც იქნება წარმოდგენილი, რაც ციხე-სოფლის ტერიტორიაზე დღემდე ჩამოშლილი 6 კოშკის აღდგენას ითვალისწინებს.
სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.
ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი