«ქართველები მზიანი და მხიარული ხალხია» — მსოფლიო ტენორის, ანტონელო პალომბის ექსკლუზიური ინტერვიუ «რეგიონულ კვირასთან»

ქუთაისს ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი ეწვია, რომელიც 9 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
გალა-კონცერტი ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ორგანიზებით გაიმართება. ქუთაისში ვიზიტზე და საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე მსოფლიო დონის ტენორმა ექსკლუზიურად „რეგიონულ კვირასთან“ ისაუბრა.

ტენორი საქართველოში არა, თუმცა ქუთაისში პირველად არის. როგორც გვიყვება, ქალაქის დათვალიერება მოასწრო და ბევრი რამ მოეწონა.

“საქართველოში არა, მაგრამ ქუთაისში პირველად ვარ. როდესაც ნინო სურგულაძემ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. რადგან ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და საქართველო. დღის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა ქალაქი, ოპერის თეატრი ვნახე. მთაზე ეკლესია, საბაგირო დავინახე და ძალიან მომეწონა”,- ამბობს ტენორი.

ანტონელო პალომბი ამბობს, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, მოხარულია, რომ მცირედი წვლილი შეუძლია ბავშვების დახმარების საქმეში შეიტანოს.

“ვთვლი რომ მაქვს ნიჭი და მინდა, რომ ეს სხვასაც გავუზიარო. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ ასეთ ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. არასდროს არ ვამბობ უარს კონცერტზე, მით უფრო როცა საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მიხარია, რომ ჩემი მონაწილეობით შესაძლოა სხვასაც მივცე სტიმული, დააფინანსონ ბავშვები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ რეალურად ვხედავ იმ ხალხს, ვისაც ეხმარებიან და ძალიან მოხარული ვარ, როცა მათ პირადად ვხედავ, ვისთვისაც იმართება ეს ღონისძიება”, – აღნიშნავს ანტონელო პალომბი.

მსოფლიო დონის ტენორი საქართველოში ქართული ცეკვით და გაგიკვირდებათ, თამადის ტრადიციით მოიხიბლა. “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ გააოცა ფაქტმა თუ როგორ უძღვებოდა უამრავ ხალხს სუფრაზე, ერთი ადამიანი.

“ერთ-ერთ წინა ჩამოსვლაზე, ღონისძიების ორგანიზატორის ქალიშვილს ჰქონდა ქორწილი და დამპატიჟეს. აღფრთოვანებული დავრჩი. განსაკუთრებით გამაოცა თამადამ. საოცარი იყო, რომ ეს ადამიანი ორგანიზებას უწევდა სუფრას, მსვლელობას, ვის უნდა ესაუბრა. ასევე, აღფრთოვანებული დავრჩი ქართული ცეკვით, გასაოცარი იყო ხმლებით ცეკვის მომენტი”,- იხსენებს ტენორი.

ანტონიო პალომბი თვლის, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს გვანან. ამბობს, რომ ქართველებში მხიარულობა და უბრალოობა მოსწონს.

“ძალიან დიდ მსგავსებას ვხედავ ქართველებსა და სამხრეთ იტალიელებს შორის. ქართველები მზიანი, ძალიან უბრალო და მხიარული ხალხია.
​რა თქმა უნდა, პრობლემები ყველა ქვეყანაშია და ყველა ადამიანს აქვს რაღაც პრობლემა მაგრამ მომწონს ის შეგრძნება, რაც ქართველებისგან მოდის, ისინი ყოველთვის მეგობრულები არიან. მაგალითად ლადო ათანელი, ის ისეთი მეგობრულია… მე ვფიქრობ, რომ თქვენ გასცემთ იმას რასაც გრძნობთ სხვა ადამიანებისგან”,- ამბობს ის.

კითხვაზე ერთი სიტყვით, როგორ გაიხსენებდა ქუთაისში სტუმრობას პასუხობს, რომ ასეთი სიტყვა, ალბათ ცნობისმოყვარეობაა. მისთვის ასევე, ძალიან უჩვეულო იყო ქუჩებში თავისუფლად მოსეირნე ძაღლების ხილვა. მისი თქმით, ფაქტი, რომ ცხოველებზე ვზრუნავთ, ჩვენს კეთილ გულზე მეტყველებს.

“ცნობისმოყვარეობა – ერთი სიტყვით ალბათ ასე აღვწერდი. გუშინ ჩამოვედი და დღეს, რაც ვნახე საინტერესო იყო, შეიძლება ეს თქვენთვის სისულელე იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და კეთილი გულის დამახასიათებელი ნიშანია, რომ უამრავი ძაღლი ვნახე, რომელიც თავისუფლად დასეირნობდა ქალაქში, რაღაც ჩიპებიც ქონდათ ყურზე, მსგავსს იტალიაში ვერ ნახავ. ჩვენთან თუ ქუჩაში უპატრონო ძაღლი ნახეს, მაშინვე თავშესაფარში მიჰყავთ.

​ძალიან კარგია როდესაც ძაღლებზე ზრუნავთ, ეს ნიშნავს, რომ კეთილი გული გაქვთ”,- ამბობს პალომბი. ​

ანტონიო პალომბი სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. მისი თქმით, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს თუმცა, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის პოულობს.

“უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაქვს იტალიაში მოღვაწეობა, მომავალ წელს ნეაპოლში გადავდივარ ,ჰოლანდიაშიც.საკმაოდ დატვირთული განრიგი მაქვს, თუმცა ყოველთვის ვპოულობ დროს პირადი ცხოვრებისთის. ცხოვრება ხანმოკლეა და ადამიანმა უნდა ისიამოვნოს ცხოვრებით”,- აღნიშნავს ის.

ცხრა ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ნინო სურგულაძის ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცეტტი გაიმართება ,სადაც მონაწილეობას სხვა მსოფლიო ვარსკვლავებიც ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი მიიღებენ. გალა -კონცერტში ასევე, თავად ორგანიზატორი ნინო სურგულაძე, ანა ჭანია და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი მიიღებს, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით, იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან. რომელთაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა.

კომენტარები

კომენტარი