მამუკა მდინარაძე: უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება

“ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება. ჩვენ ადვილად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, საუბარია 1 მილიარდ ევროზე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯება”,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა, სადაც მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დეტალურად ილაპარაკეს.
“როცა ვსაუბრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ განათლების რეფორმაზე, ეს არის უდიდესი კომპონენტი ამ რეფორმაში. ვერცერთმა ადამიანმა, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები, ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, მაშინ როცა ამ მასშტაბის რეფორმა დაიწყო და ამ მასშტაბის, კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. 1 მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტურები, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​ცნობისათვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ისინი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე დეტალურად საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი