გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ფრანგულ ენაზე გამოიცა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ფრანგულად ითარგმნა და საფრანგეთში გამოიცა. გამოცემის წარდგენა  ქალაქ რუანში, საბავშვო წიგნის ფესტივალზე და შემდეგ პარიზში გაიმართა.
„დეკემბრის დღეები ჩემთვის ნიშნავს დღეებს ოთხი წლის წინ, საავადმყოფოს ერთ პატარა ოთახში. ამ ოთახში გაოცებული მამაჩემი წევს. მოულოდნელი და დიდი ავადმყოფობით გაოცებული. მე ავდივარ და ხან ჭადრაკის ამოცანები ამაქვს, ხან ჩემი ინტერვიუები რაღაც ჟურნალებში. მხოლოდ ეს ორი უხარია. ასე მოხდა, რომ მაშინ „თომას ზღაპრების“ პირველი, საახალწლო მოთხრობაც გამოიცა მისალოც წიგნაკად. რაღაც ნაცრისფერ საქმეებს მოვრჩი თუ არა, ეგრევე ავირბინე და ავიტანე. მაქვს კიდეც საშინაო ფოტო – ცოტა აცრემლებული კითხულობს. ამ დილით გავხსენი და დიდხანს, დიდხანს ვუყურე ამ სურათს.
ჰოდა, ამბავი მესამე. საფრანგეთი.
გუშინ ჯერ ქალაქ რუანში, საბავშვო წიგნის ფესტივალზე და მერე პარიზში, რესტორან კოლხეთში, ფრანგულად გამოცემული თომას ზღაპრების წარდგენა გაიმართა. პირველგან დიდწილად ფრანგი, მეორეგან კი ქართველი მკითხველი ესწრებოდა. ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ისევ უნდა გავიმეორო ეს აუცილებელი სიტყვები: საშინლად მიკვირს, რატომ დავიმსახურე ამხელა სიყვარული. მიკვირს და მადლიერი ვარ.
ხოლო „თომას ზღაპრები„ აქამდე გამოიცა თურქეთში, გერმანიაში, ჩინეთში და იტალიაში. პარიზში ის გამომცემლობა Les éditions MEDUZA-ამ დასტამბა, მხარდამჭერი კი მწერალთა სახლია. ფანტასტიკური გამოცემაა. დიდრონი წიგნი მიმზიდველი დიზაინით. მთარგმნელი მაია გიორხელიძეა (უდიდესი მადლობა მას უამრავი რამისთვის), რედაქტორი – ბერნადეტ მარსა, გარეკანის ავტორი – ირაკლი კახაძე, ილუსტრაციები – სალომე ხოტივარი, ლიტ-აგენტი – მაია სიმონიშვილი.
დღეს, წვიმიან პარიზულ დილას, ეს წიგნი აქვე, სასთუმალთან მიდევს. ახლა ტრადიციულად თვალს ღრმად დავხუჭავ და ოთხი წლის წინანდელ დეკემბერში წავალ. კიბეს ავირბენ და მამაჩემის სასთუმალთან ვდებ. იქ უკვე ბევრი წიგნი აწყვია. მამაჩემი გახედავს და მეტყვის: ,,რაია, აი?” და მე ვუპასუხებ.
ეს წიგნი მას ეძღვნება. მას და თ-ს, როგორც ეს ყველა გამოცემის პირველ ფურცელს აწერია“,- ამბობს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი