ზურაბ აბაშიძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ შედეგი ჯერ არ ჩანს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი გრიგორი კარასინთან რამდენიმე დღის წინ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა, სადაც კარასინმა აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილს მალე გამოუშვებენ, თუმცა აბაშიძის თქმით, სამწუხაროდ შედეგი ჯერ არ ჩანს.

“უახლოეს მომავალში ელიან მის გათავისუფლებას. ჩვენ ამაზე მერე კიდევ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, უფრო შინაარსობრივად, მაგრამ რაც მთავარია, თუ როდის გათავისუფლდება ეს პიროვნება და რას ველით ჩვენ, ასეთი პასუხი იყო, რაც ყველამ იხილა. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე დღე და სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ ჩანს,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.

ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი