TANAP-ი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი — რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისათვის

TANAP-ი უკვე რეალობაა. 30 მოემბერს თურქეთში, პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა.

TANAP-ის მილსადენი ყოველწლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 2023 წლისთვის -მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. თითქმის 90 %-ით არის დასრულებილი TANAP-ის განშტოების TAP-ის მშენებლობა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ჯერ იტალიას მიეწოდება და შემდეგ მთელ ევროპაში განაწილდება. მოკლედ პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც „სამხრეთ კავკასიის“, „ტრანსანატოლიის“(TANAP), და „ტრანსადრიატიკის“ მილსადენებს (TAP) მოიცავს დასასრულს უახლოვდება.
3,5 ათასი კილომეტრის სიგრძის მილსადენი სათავეს კასპიის შელფზე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან იღებს. „შაჰ-დენიზის“ 1,2 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მისი მეშვეობით ევროპას რუსული გაზის სერიოზული ალტერნატივა უჩნდება.
როგორც თურქული გამოცემა Haberturk-ის ფინანსური დირექტორი რაჰიმ აკი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, ახლო მომავალში „სამხრეთის გაზის დერეფანის“ მიერ გატარებული გაზის მოცულობა 31 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს,რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე.
TANAP-ის და მთლიანად „სამხრეთის გაზის დერეფანის“ უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს თურქეთში პოლიტიკური მოზრაობა Beyaz Hareket-ის მთავარი კოორდინატორი ერდემ ერენიც. მისი თქმით, TANAP-ი მნიშვნელოვნად ზრდის აზერბაიჯანის,საქართველოს და თურქეთის როლს ევროპის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაში და შესაბამისად იზრდება აღნიშნული ქვეყნების სტრატეგიული წონაც რეგიონში და სერთაშორისო არენაზე. ერდემ ერენის მოსაზრებით, TANAP-ს დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული ქვეყნებისათვის და განსაკუთრებით,თურქეთისათვის რომელიც ორივე კონტინენტზე გაზის განაწილების მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება.
„TANAP-ის რეალიზაცია სრულ შესაბამისობაშია აზერბაიჯანის,თურქეთის,საქართველოს და ევროპის ენერგეტიკულ და სტრატეგიულ ინტერესებთან. ეჭვგარეშეა,რომ ეს პროექტი გაზრდის ევროპის ინტერესს აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებაში. ამ პროექტის წყალობით აზერბაიჯანი არა მხოლოდ გაზის მომწოდებელი, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ხდება“,- აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი უკრაინიდან ალექსანდრე ორხიმენკო.
ორხიმენკოს შეფასებით, თვალნათელია,რომ იცვლება ევროპის ენერგეტიკული რუკა და ამაში აზერბაიჯანის წვლილი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება შუალოდ საქართველოს. პოლიტიკური და სტრატეგიული მდგენელის გარდა,საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებულია ის ეკონომიკური დივიდენდიც, რასაც საქართველო TANAP-ის ამოქმედების შედეგად მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც „ სამხრეთის გაზის დერეფანი“ სრული დატვირთვით ამოქმედდება, სატრანზიტო წილის სახით საქართველო ყოველწლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
შეგახსენებთ,რომ პროექტის იდეა პირველად 2011 წელის ნოემბერში, სტამბოლში ორგანიზებული მესამე შავი ზღვის ენერგეტიკისა და ეკონომიკის ფორუმზე გაჩნდა. ამავე წლის დეკემბერში თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მილსადენის განვითარების შესახებ. 2012 წლის 26 ივნისს სტამბოლში ხელი მოეწერა მილსადენის მთავარ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას. ხოლო, 2015 წელს ყარსში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა საძირკველი ჩაუყარეს პროექტის ამოქმედებას.

TANAP-ის აქციები ასე ნაწილდება: „ სამხრეთის გაზის დერეფანი“ – 51%, SOCAR Turkey Enerji-7 %, Botas – 30%, BP – 12%.

კომენტარები

კომენტარი