კახეთში პოლიციელის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

კახეთში პოლიციელის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო შეითნიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ”, – წერს შეითნიშვილი სოციალურ ქსელში.
“რეგიონული კვირა” ტატო შეითნიშვილთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა იგი კონტაქტზე არ გამოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ შეითნიშვილი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. უწყებაში “რეგიონულ კვირას” განუმარტეს, რომ ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ამას სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური დაადგენს.
“აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს,მაგრამ რამდენად მოხდა მისი დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს, ამას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს”, – განაცხადეს შს სამინისტროში.
ტატო შეითნიშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის”ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი