ნინო ბურჯანაძე: მიუხედავად „ქართული ოცნების» შეცდომებისა, „ნაციონალურ მოძრაობას» ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს

„სააკაშვილი არის ჩემი პირადი და პოლიტიკური მტერი და მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში”, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად”.

ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების შეცდომებისა, „ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს.

„შეიძლება „ქართულმა ოცნებამ”, თუ ეხლა სწორად მოიქცევა, არჩევნებში მიიღოს პირველი ადგილი, მაგრამ ეს პირველი ადგილი არ იქნება უზრუნველმყოფი უმრავლესობის და ხელისუფლების უზურპაციის. რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვეაში მირჩევნია „ქართული ოცნება” დარჩეს შედარებით მეტი რაოდენობის ხმებით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. პროპორციული სისტემა იქნება იმის გარანტი რომ არც „ოცნებას”, არც „ნაციონალურ მოძრაობას” და არც ბურჯანაძეს ხელისუფლების უზურპაციის შანსი არ ექნებათ”, – აცხადებს ბურჯანაძე.

ამასთან, ბურჯანაძე ამბობს, რომ მისთვის დისკომფორტია, როდესაც აქციაზე იმ ადამიანებს ხედავს, რომლებისგან პირადი შეურაცხყოფა ახსოვს, მაგრამ პოლიტიკა მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მიიჩნევს, რომ „დენაციფიკაცია” „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მომხდარიყო. ბურჯანაძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის ბრალი 6 წლის წინ უნდა წაეყენებინათ.

„მე არ ვლაპარაკობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ანგელოზია და უდანაშაულო, მაგრამ როდესაც ათი წლის შემდეგ წაუყენეს ბრალი… უნდა წაეყენებინათ 6 წლის წინ. „ ქართულ ოცნებას” კოჰაბიტაციაში გართულს კი არ უნდა გაეტარებინა შვიდი წელი, ხუთი წლის წინ უნდა გამოეძიებინა ეს საქმე. მოვითხოვე დენაციფიკაცია და ვთქვი, ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს, რატომ არ გააკეთეთ ? როდესაც შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება არ უყენებს ბრალს, მე ხელისუფლება არ მაძლევს ამით უფლებას, დღეს შვიდი წლის შემდეგ მათ დამნაშავე ვუწოდო სამართლებრივად. პოლიტიკურად კი დამნაშავეა „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შალვა რამიშვილის კითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიჭერს თუ არა გიგა ბოკერიას, ბურჯანაძე პასუხობს, რომ გამოძიებას აუცილებლად დაიწყებს.

„გამოძიებას აუცილებლად დავიწყებ თუ მე ვიქნები ხელისუფლებაში, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მე ნებისმიერ საქმეზე ვუზრუნველვყოფ, რომ გამოძიება იყოს სამართლიანი და არ აპოლიტიკური. თუ გამოძიება დაადგენს რომ ბოკერია დასაჭერია, ბოკერია უნდა დაიჭიროს, არა ბურჯანაძემ არამედ სასამართლომ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი