შემზარავი მკვლელობა წალკაში — დაკავებულებმა 85 წლის მოხუცი დააყაჩაღეს და მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს.

მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ნ.ბ.-ს კი – ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.

ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი