გურული კალანდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმის ფოტო-ფონო-ვიდეო კოლექციიდან აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კალანდას ასახავს.
„საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და გამორჩეულადაც აღნიშნავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ახალი წელი ყოველივე ახლის, სიკეთის, ბარაქის და იმედის მომცემი იყო.
ეს ფოტო, რომელიც გურიაში XX საუკუნის 40-იან წლებშია გადაღებული, ტრადიციულ გურულ ახალ წელს – კალანდას ასახავს.
ეს ერთგვარი დადგმული სცენაა, რომლის მეშვეობითაც ფოტოგრაფი ცდილობს, საახალწლო ტრადიციები და მეკვლის ფენომენი გაგვაცნოს. ფოტოზე ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ვაჟი სადღესასწაულოდ არიან გამოწყობილნი.
ოჯახის უფროსს ცალ ხელში გასალოცი გობი უჭირავს, რომელიც ღორის თავით, ტკბილეულით, უმი კვერცხით, საახალწლო ღვეზელებით და ნუგბარითაა დატვირთული, ხოლო მეორე ხელს ჩიჩილაკი უმშვენებს, რომელსაც გურულები წინასაახალწლოდ საგანგებოდ თლიდნენ თხილის, წაბლის ან ლეღვის ახლად მოჭრილი ღეროებისაგან. ჩიჩილაკს რთავენ კურკანტელებით, სუროს ყლორტებით, დაჩამიჩებული ყურძნის აკიდოებით, ჩურჩხელებით, ვაშლით და ბროწეულით.
ვაჟიშვილს ხელში ღვინის დოქი და სანთელი უჭირავს. ოჯახის უფროსი ერთგვარად მეკვლესაც განასახიერებს, რომელიც ახალი წლის პირველი სტუმარია და მასპინძელ ოჯახს ბარაქა, სიხარული და ბედნიერება უნდა დააბედოს“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: ეროვნული მუზეუმის ფოტო-ფონო-ვიდეო კოლექცია

კომენტარები

კომენტარი