საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა სლოვენიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც 2020 წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება. საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაისახოს. მხარეების შეფასებით, 10 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარნიორობაში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“ ,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

მხარეების შეფასებით, არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა საშუალებას, მეტად განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას.

კომენტარები

კომენტარი