ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში ილო პატაშურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

22 იანვარს, 18 საათზე, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ილო პატაშურის ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნახატების გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა საიუბილეო თარიღს უკავშირდება – მხატვარი გასულ წელს 80 წლის გახდა.
ილო პატაშური პროფესიონალი მხატვარია, ფერწერის დიდოსტატი. მის შემოქმედებაში თვალშისაცემია ექსპრესიული სტილი, ძლიერი – ენერგიული მონასმი, ფერთა გასაოცარი შეხამების მანერა. მის ტოლოებზე ქართული მთის რომანტიკული სული შეიგრძნობა.
ილო პატაშური დაიბადა 1939 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ხევში. 16 წლისამ დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2008 წლამდე იქვე მოღვაწეობდა – ხელმძღვანელობდა პეიზაჟის სახელოსნოს.
1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
მხატვარი არაერთი პერსონალური, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა. მისი ტილოები გამოიფინა: საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-სა და იაპონიაში.
გამოფენა  26 იანვარს დაიხურება.

მისამართი: დავით აღმაშენებლის 68.

კომენტარები

კომენტარი