«ძალიან კარგი ბიჭი იყო, მშრომელი»- ახმეტაში მოკლული მწყემსი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

გუშინ, გვიან ღამით სოფელ კასრისწყალში მოკლული დავით სვეტაძე მშობლიურ სოფელში დღეს, დილით გადაასვენეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის ძმამ განუცხადა, მკვლელობა შირაქის ველზე, ფერმაში მოხდა და ყველა ის პირი დაიკითხა, ვინც ადგილზე იმყოფებოდა.

“როგორც ჩანს ფერმაში მოუხდათ შელაპარაკება, ჯერ ყველაფერი გასარკვევია. სადაც მკვლელობა მოხდა, იქ მყოფი ყველა პირი დაკითხვაზეა წაყვანილი”,-აღნიშნა მოკლულის ძმამ.

48 წლის დავით სვეტაძეს მეზობლები უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ.

“ძალიან კარგი ბიჭი იყო,მშრომელი, დილით გავიგეთ ეს ამბავი. გვითხრეს რომ დეტალები 2 დღეში ეცოდინება ოჯახს “,- აღნიშნა მეზობელმა,ნუგზარ ბადისაშვილმა.

გარდაცვლილს  ცოლ-შვილი არ ჰყავდა და მწყემსად ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ,  რომ 1972 წელს დაბადებულ დავით სვეტაძე სოფელ კასრისწყალში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა, რომელიც მწყემსებს შორის მოხდა. 1986 წელს დაბადებულმა კახა გრიგალაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით 48 წლის მამაკაცი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი