«ამ საქმეს დღეში რამდენიმე საათს ვუთმობ» — ახალციხელი «ტიკ-ტოკერი» რომელსაც 80 000 გამომწერი ჰყავს

22 წლის მაია მანჩხაშვილი ქალაქ ახალციხიდანაა. მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ აპლიკაციას სახელად TIK TOK-ს, რომელშიც 500 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, წელიწად ნახევარია იყენებს. იღებს სლომოუშენებს, კომედიურ და სახალისო ვიდეოებს. როგორც თავად ამბობს, ამ დროისთის მას 80 000 გამომწერი ჰყავს და მას საქართველოში ყველა ტიკტოკერი იცნობს. ვიდეოებს საკუთარი მობილური ტელეფონით იღებს. მაიკო “რეგიონულ კვირას” ვიდეოების გადაღების პროცესზე ესაუბრა. თქვა, რომ ჩაწერის პროცესით დიდ სიამოვნებას იღებს.
„თავად ეს აპლიკაცია 2016 წელს დამკვიდრდა, თუმცა მე მოგვიანებით შემთხვევით აღმოვაჩინე ფეისბუქ გვერდის დახმარებით. თავიდან ძალიან იშვიათად ვიღებდი ვიდეოებს, მოგვიანებით ჩემი აპლიკაციისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს ოჯახის წევრები წუწუნებენ იქნებ ცოტა დრო ჩვენც დაგვითმოო. ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია ტიკტოკი და მიხარია, რომ ამის საშუალებით უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებსაც არასოდეს დავკარგავ“,-უყვება „რეგიონულ კვირას“ მაია მანჩხაშვილი.
ახალგაზრდა ტიკ ტოკერის დღე განსხვავებულად იწყება. იქამდე სანამ საწოლიდან წამოდგება, აპლიკაციაში შედის და საკუთარი გამომწერების მოწონებულ ვიდეოებს კიდევ ერთხელ ამოწმებს. შემდეგ სხვადასხვა კონტენტს ამოწმებს და ფიქრობს მომავალი ვიდეო როგორ გადაიღოს. მაია Tik Tok-ს დღეში რამდენიმე საათს უთმობს.
,,სანამ საქართველოში ყველა გაიგებდა აპლიკაციის შესახებ, მანამდე ერთი პატარა ოჯახი ვიყავით. რაც “ტიკ-ტოკზე” ცნობილი მოდელები, მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები გამოჩნდნენ, ჩვენ დავიჩაგრეთ. იყო ფაქტები, როცა დაგვცინოდნენ, განსაკუთრებით იუთუბერები. არის მომხმარებლის კატეგორია, რომელიც ამ ყველაფრით ფულს შოულობს. საქართველოში ეს ძალიან რთულია. ასე, რომ მე მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთის ვაკეთებ ამ ყველაფერს, სულ რომ ხასიათზე არ ვიყო ვიდეოს ჩაწერის, ჩემი გამომწერები დიდ სტიმულს მაძლევენ და მათ გამო აპლიკაციას არასდროს დავტოვებ“,- ამბობს მაია.
ახალციხელი ახალგაზრდა ამბობს, რომ ამ საქმეში ისიც დაეხმარა, რომ ბავშობიდან მოცეკვავეა. როგორც თავად გვიყვება, ქუჩაში უცნობ ადამიანებს ხშირად გაუჩერებიათ და როგორც “ტიკ-ტოკერი”, მარტივად უცვნიათ. მაია სახალისო და ტრენდული კონტენტის შექმნას კვლავ აგრძელებს. მზადაა ყველა ის ახალი გამოწვევა მიიღოს, რასაც აპლიკაცია შესთავაზებს. იმედოვნებს, რომ საკუთარ რეგიონშიც ისეთივე ცნობილი გახდება როგორიც დედაქალაქშია.

[embedded content]

კომენტარები

კომენტარი