„არანაირი წვდომა პერსონალურ ინფორმაციასთან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ორგანოებს არ აქვთ და არ ექნებათ“ — სესიაშვილი NGO-ებს პასუხობს

არანაირი წვდომა პერსონალურ ინფორმაციასთან, შინაარსთან, საგანთან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ორგანოებს არ აქვთ და არ ექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

სესიაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

„გავეცანი არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ შენიშვნებს. ერთერთი კრიტიკული შენიშვნა არის ის, რომ მე, თითქოს, დაჩქარებული წესით ვიხილავ აღნიშნულ პროექტს. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად დაჩქარებულია ეს. ამ პროექტის ინიცირება მოვახდინე 2019 წლის 2 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს შევიდა ბიუროზე ამის შემდგომ იყო გამოქვეყნებული და მხოლოდ 2 თვის შემდეგ დავიწყე მისი განხილვა კომიტეტებში. შევხვდი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ექსპერტების წარმომადგენლებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებს. მინდა გითხრათ, რომ არანაირი წვდომა პერსონალურ ინფორმაციასთან, შინაარსთან, საგანთან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ორგანოებს არ აქვთ და არ ექნებათ. ეს არის ძალიან მკაფიოდ და მკაცრად გაწერილი. დანარჩენი, მთავარი მიზანი არის ის, რომ იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც არის კიბერსუსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფომ უპასუხოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ძლიერი სისტემით, რომელსაც ექნება, მათ შორის პასუხისმგებლობის ნაწილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი