„ახლო მომავალში ისევ გელოდებითო“ — ესპანურ რადიოში პირველად გაჟღერებული ქართული სიმღერა (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქ ბურგოსის რადიოში პირველად გაჟღერდა ქართული სიმღერა, რომელიც შეასრულა ესპანეთში მოღვაწე მუსიკოსმა მაია სიჭინავამ…
მან სამი სიმღერა იმღერა, ერთი ქართული, ზვიად მახარაძის ტექსტზე – „იცით, ვისი ბადიში ვარ“ და საკუთარ ლექსებზე შექმნილი ორი საავტორო ესპანური სიმღერა.
„კვირა“ დაუკავშირდა მაია სიჭინავს და რამდენიმე კითხვით მიმართა.

– RADIO EVOLUCION-ზე გამოვედი. ნახევარი საათი გაგრძელდა ინტერვიუ სიმღერების ჩათვლით. არ ველოდი, თუ ესპანელებს ასე მოეწონებოდათ ჩემი გამოსვლა.
ქალაქს, სადაც ვცხოვრობ, ბურგოსი ჰქვია და ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია ესპანეთში, ხალხიც ტრადიციებისა და ოჯახის მოყვარულია. ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ერთ-ერთ ბარში ყოველდღე, ღამის ათ საათზე, ბურგოსის ჰიმნს ხმამაღლა უკრავენ და მთელ ქუჩაზე ისმის. ხალხი სპეციალურად მიდის სამღერად.
მერე, ჰიმნი რომ დამთავრდება, ჭიქა ღვინით ადღეგრძელებენ თავიანთ ქალაქს. ხომ წარმოგიდგენიათ, როცა გაიგეს, რომ სიმღერა მქონდა დაწერილი ბურგოსზე, რადიოში მიმიწვიეს და მთხოვეს, მემღერა პირდაპირ ეთერში ცოცხალი შესრულებით, რადგან სტუდიური ჩანაწერი არ მქონდა. იქვე შემომთავაზეს, იქნებ ქართულიც გვიმღეროთო.
ალბათ, პირველად გაჟღერდა ესპანურ რადიოში ქართული სიმღერა ცოცხალი შესრულებით. ვიმღერე ბათუმელი პოეტის, ზვიად მახარაძის ლექსზე აჭარულ მოტივზე დაწერილი: „იცით, ვისი გორისა ვარ“. სიმღერა ჩემი ინტერპრეტაციით გაიჟღერა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოწონება დაიმსახურა.
– საქართველოზეც გკითხეს…
– ვისაუბრეთ საქართველოზეც, ლამაზი მთები გაქვთო. სამი წლის წინ ანსამბლი „რუსთავი“ იყო ჩამოსული და წამყვანმა გამახსენა, რა მაგრად ცეკვავთ ქართველებიო. ვუთხარი, რომ აქ, ბურგოსის ევოლუციის მუზეუმში, არის მზიას ფიტული – HomoGeorgicus. ასე რომ, ჩვენ პირველი ევროპელები ვართ და ღვინოც პირველად ჩვენთან დაიწურა-მეთქი.
ემიგრაციაზე და სამშობლოში დაბრუნებაზეც ვისაუბრეთ. გულწრფელად გავანდე, დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როდის, არ ვიცით-მეთქი…
– სამი სიმღერა შეასრულეთ…
– კი, სამი სიმღერა ვიმღერეთ. ახლო მომავალში ისევ გელოდებითო, მითხრა წამყვანმა. დავემშვიდობე და სამსახურში წავედი – 80 წლის ქალბატონს ვეხმარები. დღის 12 საათი იყო, რომ მივედი, ნათქვამი მქონდა, რადიოსი გამოსვლა მოესმინა. აღფრთოვანებული დამხვდა და იცით, რა მითხრა? შენ მომღერალი ყოფილხარ და სახლი როგორ დაგალაგებინოო? გამეცინა და ვუთხარი, დღეს არ დავალაგებ, ყავა დავლიოთ და გარეთ გავისეირნოთ- მეთქი…
ტელეფონი არ გაჩერებულა, მილოცავდნენ და მილოცავდნენ.

[embedded content]

კომენტარები

კომენტარი