დიალეზის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები გორის მერიისგან დახმარებას მიიღებენ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც დიალეზის გამო უხდებათ სხვადასხვა კლინიკებში გადაადგილება, გორის მერია ფულად დახმარებას გაუწევს – ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულო იმსჯელებს.

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით პრობლემები შეიქმნა. მათ მოსაგვარებლად 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. ყველანაირად ვცდილიბთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ამჯერად, მივიღე გადაწყვეტილება და საკრებულო იმსჯელებს დიალეზზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებასთან დაკავშირებით.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც დიალეზის გამო უხდებათ სხვადასხვა კლინიკებში გადაადგილება, გორის მერია ფულად დახმარებას გაუწევს, რაც მათ ტრანსპორტირებაში დაეხმარებათ. კონკრეტულად, ის მოქალაქეები, რომლებიც საჭირო კლინიკამდე 5 კმ – ით არიან დაშორებულები, ერთჯერადად, 150 ლარს, 5 კმ – ზე მეტი მანძილის შემთხვევაში კი 300 ლარს მიიღებენ.
ეს არ არის ბევრი, მაგრამ ამ ეტაპზე დაეხმარება მათ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აუცილებლობის შემთხვევის გარდა, ნუ გამოხვალთ გარეთ, დარჩით სახლში, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი