„ნუ გამოვცდით უფალს, მრევლის ყველა წევრი, ვალდებულია, დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს“,- მეუფე გრიგოლი მიმართვას ავრცელებს

ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, დაემორჩილოს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს.

„ჩვენ ვემზადებით ბრწინვალე აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად; ეს მზადება გულისხმობს ინტენსიურ მარხვას და ლოცვას, სინანულს თვისთა ცოდვათა გამო და განწმედას; ქრისტიანისთვის ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღვაწლი, რაც ჩვენში აძლიერებს განსაკუთრებული სულიერი სიხარულის განცდას და გვეხმარება, რომ ვძლიოთ საკუთარ თავს და გავიმარჯვოთ წუთისოფელზე.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ჩვენს თვალწინ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ვირუსული პანდემიით (COVID 19), ნათლად გვიჩვენებს, რომ ვიდრე ამქვეყნად ვცხოვრობთ, კაცობრიობას მუდამ მართებს სიფხიზლე და სიფრთხილე მოსალოდნელ საფრთხეებთან მიმართებით; სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, განსაცდელი გარდაუვალი მოვლენაა და მასთან გონივრული დაპირისპირება შესაძლებელს ხდის ადამიანის სულისა და ხორცისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებას და, გარკვეულწილად, მათ თავიდან არიდებასაც კი!
დღეს არსებული საგანგებო მდგომარეობა ჩვენგან ითხოვს მაღალ სულიერ წესრიგს და დაფიქრებას იმაზე, თუ რამდენად ვართ თანხმობაში ღმერთთან და მის სწავლებასთან, მის წმიდა შეგონებებთან, რამდენად აისახება ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქმედებებში ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობისას.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ გარდა ამქვეყნიურ მოვლენათა შორის არსებული პირდაპირი და თვალსაჩინო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა, არსებობს ასევე საღმრთო განგებულება, რისი ახსნაც აღემატება ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ ძალებს; სულიერ ცხოვრებაში დაგროვილი გამოცდილება გვკარნახობს, რომ განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, სულიერი თვალით უნდა შევხედოთ არსებულ მდგომარეობას და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს, საკუთარ სინდისს, გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს მიმართ!!!

ვხედავთ, რომ ახალი ინფექციური დაავადების გავრცელება დიდ განსაცდელს უქმნის მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ისედაც მცირერიცხოვან ჩვენს ხალხს, ჩვენს სამშობლოს; დიდი გამოცდის წინაშე აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი თითოეული წევრის რწმენას, მით უფრო, რომ მორწმუნეთაგან არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებული საფრთხეების შეფასების დროს; მთელ რიგ შემთხვევებში კი პანდემია აღქმულია ეკლესიასთან ბრძოლის საშუალებად; ეს და არა ერთი მსგავსი განცხადება ემსახურება საღი აზრის განდევნას ეკლესიიდან და ხელს უწყობს მის წიაღში ურთიერთ აგრესიით განმსჭვალული ჯგუფების წარმოქმნას.

მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში (რასაც, ასევე, აქვს ადგილი!) გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც!

სამწუხაროდ, არავინ იცის ამ ვირუსის (COVID 19) ბუნება, ის ჯერ კიდევ გამოუკვლეველია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მისი ინტენსიური შესწავლა სპეციალისტთა მიერ“- აცხადებს მეუფე გრიგოლი.
მისივე განცხადებით, დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში.

„2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ არსებული მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება: ერთ-ერთი ჩვენი ეპარქია ქვემო ქართლში უკვე სრულად მოექცა კარანტინის რეჟიმში, ხოლო მთელ ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზოგიერთი ამას გადაჭარბებულ ზომადაც კი მიიჩნევს, მაგრამ უმჯობესია და სრულიად გონივრულიც კია დამატებითი სიფრთხილე, ვიდრე დაგვიანებული ზომები; ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა.

მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!

მე ვკითხულობ, რა უფრო სათნოა ღვთისთვის – დასნებოვნება და იძულებით კარანტინში ყოფნა, და შესაძლოა მსხვერპლიც კი, თუ თავის თავის შეზღუდვა (თვითშეზღუდვა) თანამოძმეთა და თანამოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საჯანმრთელოდ?! ესაც ხომ ევქარისტიის, ქრისტესთან თანაზიარების ერთგვარი გამოვლინებაა რადგან მას საფუძვლად უდევს საკუთარი თანამოძმის, მეორე ადამიანის სიყვარული ქრისტეში?!

ძვირფასო სულიერნო შვილნო, მამობრივი შეგონებით გთხოვთ, განერიდეთ მავნე თვითდაჯერებულობას, რათა მაღალი ქრისტიანული შეგნებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დავეხმაროთ ერთმანეთს იმ პირობების შექმნასა და აღსრულებაში, რაც ქრისტიანული კაცთმოყვარებით არის ნაკარნახები და არა ქრისტეს მიმართ ღალატით.

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის დადგენილებით შეფასდა მიმდინარე მოვლენები და რეკომენდაციები მიეცა მრევლს, რაც სავალდებულოა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, თუმცა მდგომარეობა ყოველდღე იცვლება და, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიები საქართველოსა და უცხოეთში მოქმედებენ ადგილობრივ გარემოებათა მიხედვით და მრევლისთვის ადგენენ ქცევის დროებით წესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს, ჩვენს სამწყსოს:

1. მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს; მათ შორის:
– განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, მოერიდოს ზედმეტად სახლიდან გასვლას;
– ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცვას ე.წ. სოციალური დისტანცია მათ შორის ეკლესიაში ყოფნისას (ტაძარში და ტაძრის ეზოში).

2. ტაძრად მისული მრევლი ლოცვას მოისმენს ტაძრის ეზოში, სადაც არის გახმოვანება; კარგი ამინდის შემთხვევაში, შესაძლოა (სადაც ამის საშუალება იქნება), ღია ცის ქვეშ ჩატარდეს მსახურება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მცირე ზომის ეკლესიებია და სივრცე ძნელად ნიავდება.

3. საღმრთო ლიტურგიისას ტაძარში იქნებიან სასულიერო პირები, მგალობლები, იპოდიაკვნები (ე.წ. სტიქაროსნები), ტაძრის მსახურნი და შშმ პირები;

4. ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევთ დარჩნენ სახლებში, ხატის წინ დაანთონ კანდელი (სანთელი) და ტაძარში მიმდინარე საღმრთო ლიტურგიის თანადროულად (პარალელურად) აღავლინონ ლოცვები თავის საცხოვრებელ გარემოში.

5. მოხუცებს, ავადმყოფებს, უძლურებაში მყოფთ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მოძღვარი მოიწვიონ სახლში.

6. სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, რეალურ დროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უშუალოდ მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები“- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

როგორც მეუფე აღნიშნავს, ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. შესაბამისად, უცვლელია მისი არსი, იმის მიუხედავად, თუ სად ვილოცებთ.

„მოგმართავთ თხოვნით, ვილოცოთ ყველგან და ყოველთვის; დაე, ჩვენს სულს დაეუფლოს მუდმივი ლოცვითი მდგომარეობა; წმიდა წერილში ვხვდებით ასეთ ეპიზოდს:
ერთი ადამიანი მოდის იესოსთან და ეუბნება: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს…, ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს…, თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე. იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას“. ამის შემდეგ იესუ განკურნავს ყრმას. (მკ. 9. 17-29).

დღეს ის დრო გვიდგას, რომ უფალს შევავედროთ ჩვენი სისუსტენი და ვუთხრათ, უშველე უფალო, ჩემს ურწმუნობას, უმკურნალე ჩემს წყლულებს, მომანიჭე კურნება ცოდვათა ჩემთაგან! სამყარო გაჩერდა, წყალი დაიწმინდა, ზეცა გამოჩნდა; გამოვიყენოთ ეს განსაცდელი უფალთან დასაბრუნებლად. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. შესაბამისად, უცვლელია მისი არსი იმის მიუხედავად, თუ სად ვილოცებთ. „ტაძარი უფლისა წმიდა არს“; ადამიანები ღმერთთან ეძებენ გადარჩენას; ამ იმედს და რწმენას მიჰყავს ისინი ტაძარში, მაგრამ როცა მიზეზთა გამო დროებით ვერ ახერხებ იქ მისვლას, არ დაბრკოლდე, ილოცე სახლში, საავადმყოფოში, საპყრობილეში, ილოცე ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში. მთელი სამყარო ღვთის ტაძარია!

ძვირფასო დანო და ძმანო! დღეს, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში გამოიცდება ჩვენი რწმენა და ერთგულება წმიდა სამოციქულო სწავლებისადმი.
და ბოლოს,

როცა ადამიანთა ხორციელ სნეულებებსა და მათ დაძლევაზე ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ეგების, არცკი შეიძლება მედიცინისა და ღვთისმეტყველების, მკურნალობისა და ღვთისმსახურების დაპირისპირება, ანუ მათი კონფრონტაციულ რეჟიმში განხილვა და წარმოჩენა. თქმა იმისა, რომ „რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო“, ან კიდევ, „მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი“, არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი.
ამასვე ადასტურებს ძველი აღთქმაც: უფალმა შექმნა მკურნალიცა და წამალიც და მისცა მათ ძალა კურნებისა. გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ… („სიბრძნე ზირაქისა“, თავი 38, 1-4).
მკურნალნი არიან ასევე ახალი აღთქმის წმიდანთა შორისაც, რომელნიც არა მხოლოდ სულიერი, არამედ სხეულებრივი წყლულებისა და უძლურებისგან გაკურნებაში ეხმარებოდნენ და დღესაც ეხმარებიან ადამიანებს. გავიხსენოთ, წმიდა სერაფიმ საროველი, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა მორწმუნეთ, რომ სათანადოდ დაეფასებინათ მკურნალის ხელოვნება, რადგან მას სწადია სნეულთა გამოჯანმრთელება!
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველანი სოლიდარულნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ: ერი და ბერი, საერონი და სასულიერონი, სახელმწიფო მოხელენი და რიგითი მოქალაქენი.
შექმნილმა კრიზისმა ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს.
ვილოცოთ მოუკლებელად!“- ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი