COVID19 და საწარმოო პროცესი — რა უნდა იცოდნენ დასაქმებულებმა

სანამ კორონავირუსი პანდემიის სახეს მიიღებდა, სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის დანაკარგები, დაახლოებით, 1.1 ტრილიონ დოლარს გაუტოლდებოდა. თუმცა, უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ზარალმა შესაძლოა, 4 ტრილიონსაც გადააჭარბოს და მსოფლიოს მშპ 2,8 %-ით შემცირდეს. მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება, არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს ადეკვატური პასუხი გასცეს. ამ კითხვით ეკონომიკის დოქტორს, სოსო არჩვაძეს მივმართეთ:

იმ მწირი რესურსების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობ, მაქსიმუმი იქნა გაკეთებული. ვგულისხმობ მინისტრთა კაბინეტსა და მის მიერ მიღებულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს. დღეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც საჭიროა მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და, შეძლებისდაგავარად, მათი სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ხელისუფლებამ გაასაჯაროვა სამოქმედო გეგმა, რომელიც გარკვეულ სასურსათო პროდუქტზე ფასების სუბსიდირებას, ტურიზმის სექტორისა და ამ სექტორთან დაკავშირებული ბიზნესის დახმარებას, ასევე, გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს. ეს ყველაფერი საკმარისია შექმნილ სიტუაციაში?

ვფიქრობ, რომ ეს არის ოპერატიული რეაგირება, ანუ ფორსმაჟორულ სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რომელიც ზარალის შემცირებაზეა ორიენტირებული. ანტიკრიზისული გეგმის სრული პაკეტი მისაღებია და ველოდები, რომ ეს მალე მოხდება. გასარკვევია, როგორ გადანაწილდება საბიუჯეტო თანხები. მე ველოდები, რომ საბიუჯეტო სახსრების სერიოზული რესტრუქტურიზაციაა მოსალოდნელი. მოსაფიქრებელია, რა სახისა და მოცულობის იქნება ვაუჩერების დარიგება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე კომუნალური გადასახადების დასაფარად, ასევე, პენსიონერთა სოციალური დაცვა და სხვა მიმართულებები.

თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და სრული ანალიზი გაკეთება ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით, შემიძლია ვთქვა, ფისკალურისგან განსხვავებით, გარკვეულ კითხვებს აჩენს მონეტარული პოლიტიკა, რაზეც ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი შეცდომებს უშვებს?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი თითქმის 24 %-ით გაუფასურდა. ხელისუფლება ამას კორონავირუსით, საგარეო შოკებით, შემცირებული ტურიზმითა და ფულადი გზავნილების კლებით ხსნის. თითქმის იგივე პრობლემები აქვთ ჩვენს სამეზობლოშიც, მაგრამ მათი ვალუტები, მცირე გამონაკლისის გარდა, ჯერჯერობით, მყარად დგას.

საბოლოოდ, პასუხი იმას მოეკითხება, ვისაც აქვს დელეგირებული უფლებამოსილება და ვერ ახორციელებს ამ უფლებამოსილების ეფექტიან რეალიზებას. ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მაქვს მხედველობაში. რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ეროვნული ბანკის პოზიცია უნდა იყოს უფრო მკაფიო. აღმასრულებელი ხელისუფლების ფონზე ეროვნული ბანკი ზედმეტად ფერმკრთალად გამოიყურება.ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა ბაზარზე შედეგი ვერ გამოიღო. სებ-ს აქვს სხვა ბერკეტებიც, თუნდაც – ვერბალურ ასპექტში. მაგალითად, განცხადებები, რომლებიც იმოქმედებს ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში და ჩააცხრობს ბაზარზე არსებულ აჟიოტაჟს. საჭიროა მეტი განმარტება. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ სოციალურია და ის გაიგებდა ყველაფერს, მაგრამ როცა განცხადებები იგვიანებს, აჟიოტაჟური ქცევებიც არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ვფიქრობ, საკმაოდ გაუგებარი იყო ის, რომ ცოტა ხნის წინ საპენსიო ფონდიდან მოხდა მრავალი ასეული მილიონი ლარის გადაცემა კომერციულ ბანკებზე. ამან გაზარდა ამ ბანკების აქტივები და ლარის რესურსი გამოიყენეს ბაზარზე ვალუტის შესაძენად. ამან კი ცალსახად დაარტყა ლარის კურსს.

მთავრობის განცხადებით, აქცენტი გაკეთდება ექსპორტის შემცველ წარმოებაზე. ქვეყანაში უცხოური ვალუტა სწორედ ასეთ საწარმოებს შემოაქვთ. ვგულისხმობ წიაღის მოპოვება-გადამუშავებას, მაგალითად, „ჯორჯიან მანგანეზს“, „საქნახშირს“, RMG Gold-სა და აზოტს. სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს სწორედ ისინი ქმნიან. მათი გაჩერება ან შეფერხება რამდენად დამაზიანებელი იქნება ეკონომიკისთვის? როგორც ვიცი, ამ საწარმოებში საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ იქ დასაქმებულებს კორონავირუსის გამო მაინც გარკვეული შიშები აქვთ. რისი გაკეთება შეუძლიათ ამ შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და თავად ხელისუფლებას?

ფაქტია და ვერსად გავექცევით იმ რეალობას, რომ მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ბალანსი დაირღვევა. არსებობს საშიშროება, რომ იმ კომპანიების პროდუქციაზე, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ და რომლებიც ქვეყნის ძირითად საექსპორტო დოვლათს ქმნიან, მოთხოვნა შემცირდეს. ეს, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების შემოსავლებსა და ქვეყანაში ვალუტის შემოდინებასაც შეამცირებს. ამას თუ, რაღაც მიზეზით, ამ კომპანიების გაჩერება დაემატა, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ აუცილებელია, ასე ვთქვათ, პოზიტიური პროპაგანდა. დასაქმებულები უნდა დავარწმუნოთ და ავუხსნათ, რომ მათ ჯანმრთელობას სამუშაო ადგილებზე საფრთხე არ ემუქრება. ამ მიმართულებით საჭირო ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამაც და კონკრეტულმა კომპანიებმაც.

კომენტარები

კომენტარი