სამაისო გვირილობა სავარდო ქუთაისში – ლევან ფანცხავას ბლოგი

ბაგრატის ტაძრიდან ზარების ხმა აღვიძებს ქალაქს, ასე თენდება აქ ორი მაისის დილა. ამიტომ არის თავისუფლად ამოსუნთქვის საწყისი ბლოგი, ახლა შემიძლია ვიყო სუბიექტური, რადგან უნდა მოგიყვეთ ქალაქზე, რომელიც სიყვარულია.

მე მაინც მგონია, რომ ყველას ქალაქია, ამიტომაც სუბიექტურიც არ ვიქნები. სავარდო და სამაისო ქალაქად როცა მოვიხსენიებთ, არანაირად ბანალური და გაცვეთილი ფრაზრბით არ ავირეკლები თქვენს სამკითხველო არეალში, ეს ზუსტად ვიცი.

მოკლედ, მე წყალტუბოდან ვარ, ისიც გეცოდინებათ რომ ეს ორი ქალაქი ტყუპებივით არიან, განუყოფელები, ამიტომაც არის ალბათ ჩემთვის განსაკუთრებული და არა მარტო ამიტომ, ქუთაისი ზოგადად განსაკუთრებულია, ან ზოგადადაც რატომ, თუნდაც კონკრეტულად ქუთაისი, სხვაირად თბილია და სხვანაირი სიყვარული იცის.

თვალს ვერ მოგახუჭინებს, სიმშვიდით აგაფორიაქებს, სუნთქვის შეწყვეტის უფლებას არ მოგცემს, ფეთქავს რიონი და ფეთქავს ქალაქი მის ირგვლივ. მაისი ქუთაისისაა და ვერავინ წაართმევს სტატუსს იყოს სავარდო და სამაისო. “გვირილობაა” ჩემს, ჩვენს ქალაქში, ყველას უხარია, ყველა ბედნიერებას ასხივებს, ყველა მასპინძელიც და სტუმარიც, უყვართ და იღიმიან, არ შეიძლება აქ არ გიყვარდეს, რომელი ქალაქის ჰაერიც ყლაპეს, გალაკტიონმა, შანიძემ, წერეთელმა, მგონი საკმარისია, ან იქნებ არც არის საკმარისი, სია გრძელია.

ამ ქალაქმა აიყვანა ქართული თეატრი ყველაზე დიდ სიმაღლეზე. ამ ქალაქმა ქართული მეცნიერებით დაიპყრო მწვერვალები: შალვა ნუცუბიძეზე, აკაკი შანიძეზე და ა. შ, არ მოგიყვებით ისედაც გეცოდინებათ. სპორტზე და სხვა დანარჩენზე რომ ვილაპარაკო: “ეს ისედაც ვიცითო”, რადგან მეც მგონია რომ ძალიან კარგად იცით და… ცისფერყანწელების ლექსების სუნით გაჟღენთილია მთელი ქალაქი, სიმღერით და სიყვარულით უცემს გული ამ ქალაქს.

“საფიჩხიის ქვაფენილებს დავყვები, შეგისუნთქავ, ჩემად გაქცევ სულ,

დღეს ჩემს რიონს, სადაც წავა, გავყვები, და თეთრ ხიდზე გადავკიდებ სულს”

ეს ადრე დავწერე, მის მერე უფრო შემიყვარდა. მგონია რომ აქ ქუჩებსაც შეუძლიათ გეჩურჩულონ, საიდუმლო შეგინახონ მილიონი. ბავშვობაში რომ გეკითხათ ევროპა რა არის, დაუფიქრებლად გაგცემდით პასუხს: ქუთაისი. ახლაც ასე ვფიქრობ და რაც უფრო ბევრი წელი გადის, ვრწმუნდები რომ ჯერ ქუთაისი იყო და მერე ევროპა. რამდენი რამე მინდა მოგიყვეთ კიდევ, მაგრამ ასეა, დაგვეზარება ხოლმე წაკითხვა როცა დიდ ტექსტებს ვხედავთ, მაგრამ თუ არ დაგეზარათ წაგეკითხათ ეს რაც ახლა მოგიყევით, ესე იგი თქვენ ჩემსავით და უფრო უკეთ იცით რამხელა გულის ქალაქია.

“გვირილობა” აღვნიშნეთ, ათასობით ტურისტით და შინაურებით, ანუ ქუთისის ოჯახის წევრებით და ყოველ წელიწადს მგონია, რომ რამდენ ფოთოლსაც ვაცლით, ვუყვარვართ- არ ვუყვართ- ჩურჩულში, იმდენჯერ ვკარგავთ სიყვარულს. გიმნაზისტები მთელი დღე ურიგებდნენ სტუმრებს გვირილებს. (გვირილობის ისტორია ალბათ საკუთარი სახელივით ვიცით ყველამ). ვუყვარვართ, ვუყვართ და არასოდეს ვეთამაშოთ სიყვარულობანა გულიან ქალაქს, რადგან თუ ამ ქვეყანაზე სიტყვა სიყვარული არ იარსებებდა, მე ქუთაისს დავარქმევდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *