გაიცანი საქართველო პრეს-ტური გურიაში

✔️ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურიაში პრეს-ტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვსა და წითელმთაში ოჯახებს ესტუმრა, სადაც ჩაის ბიომეურნეობა და ტურისტებისთვის საოჯახო სასტუმროა მოწყობილი. ტურის მონაწილეებისათვის გაიმართა სხვადასხვა სახეობის ჩაის დეგუსტაცია. ჟურნალისტებმა და მარიამ ქვრივიშვილმა ჩაის დაკრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

✔️ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა სოფელ ანასეულში არყის, ხოლო გურიანთაში ჩაის საწარმო დაათვალიერეს.
პრეს-ტურის მონაწილეებმა შეკვეთილში მუსიკოსების და მინიატურების პარკები მოინახულეს.

✔️მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე წვერმაღალას ტყე-პარკი, რომელიც 4 ჰექტარზეა მოწყობილი და ორიარუსიანია. პარკში გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიფტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა მდებარეობს. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფები დგას, წყალში კი დუმფალის ყვავილებია. პარკიდან იშლება ზღვის პეიზაჟი.

✔️„წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ გურიის მიმართულებით ტურისტების სტატისტიკა მზარდია. გურიაში რამდენიმე ტურისტულად გამოკვეთილი პროდუქტი გვაქვს და ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილი მოვინახულეთ, ვეწვიეთ საოჯახო სასტუმროებსა და ჩაის მეურნეობებს. ასევე დავათვალიერეთ წვერმაღალას ტყე-პარკი, მუსიკოსების და მინიატურების პარკი, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილია მთელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, რომელიც როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორთა მოწონებას იმსახურებს.“
-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *