სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა და ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ერაყში ვიზიტის დროს ამერიკის მოქალაქეები შესაძლოა ძალადობისა და გატაცების მსხვერპლნი გახდნენ.

“ერაყში, მრავალი ტერორისტული ორგანიზაცია და მეამბოხეთა ჯგუფი გააქტიურდა, რომლებიც ხშირად თავს ესხმიან ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და მაცხოვრებლებს”, – გააფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამოქალაქეები.

სახელმწიფო დეპარტამენტი ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მთავრობას შეზღუდული ისტრუმენტები გააჩნია, რათა ერაყში მყოფ აშშ-ს მოქალაქეებს დაეხმაროს.

სააგენტო “როიტერის” ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო, ბაღდადში თავისი საელჩოს თანამშრომლების უმრავლესობის ევაკუაცია განახორციელა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა ირანის ქმედებების გამო, უსაფრთხოების გამო მიიღო.

თეირანის წარმომადგენლებმა აშშ-ს გადაწყვეტილებას “ფსიქოლოგიური ომის” ტაქტიკა უწოდეს და განაცხადეს, რომ ირანიდან სამხედრო ინტერვენციის საფრთხე არ არსებობს. ერაყის პრემიერმინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და თეირანის რიტორიკის მიუხედავად, “ყველაფერი კარგადაა”.

პარალელურად, გერმანიამ და ჰოლანდიამ გადაწყვიტეს,  რომ რეგიონში დაძაბული ვითარების გამო, წვრთნები შეაჩერონ. ერაყში 160 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება, ასევე დაახლოებით 50 ჰოლანდიელი ჯარისკაცი, რომლებიც  ერაყში ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლებს ამზადებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *