მამუკა ბახტაძე: გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია

გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს ნურსულთან ნაზარბაევს, ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის, რითაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ ყოველდღიურად ძლიერდება.

“ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ხალხთაშორის ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მაინც ვხედავთ ასათვისებელ და შესაბამისად გასაზრდელი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნურ-სულთანში ხელმოწერილ მნიშვნელოვან შეთანხმებებს გაუსვა ხაზი, მათ შორის საგზაო რუკის შესახებ შეთანხმებას, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში  ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მიაპყრო იმ დიდ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოსა და ყაზახეთს აქვს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ სფეროებში ერთობლივი პარტნიორობის შექმნა კიდევ მრავალი წარმატების საფუძველი გახდება.

“საქართველოსა და ყაზახეთს დიდი ენერგეტიკული მიზიდულობა აკავშირებს. საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, რაც ბუნებრივ ხიდად გვაქცევს ამ ორ კონტინენტს შორის, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის – დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობისთვის. საქართველოს შეუძლია ყაზახეთს შესთავაზოს ეს უპირატესობა, რაც  გააძლიერებს ლოგისტიკური მიმართულებით თქვენი პოტენციალის სრულ რეალიზაციას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რამდენიმე ძალიან მაღალი პროფილის რეგიონული პროექტი გვაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც “ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას შეუერთდა და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეის განუყოფელი ნაწილია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ვახსენოთ ე.წ. შუა კორიდორის პროექტი, რომელიც შემუშავდა ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მიერ. ეს პროექტი დიდ შესაძლებლობებს შექმნის გლობალურ ეკონომიკაშიც”,  – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააჩნია როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.

“რამდენიმე სხვა შეთანხმება ფორმდება სწორედ ამ დროს, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობ და ამ ტემპის შენარჩუნება  გვაქვს განზრახული. სხვაგვარად ვერც მოხერხდებოდა ასე სწრაფად ცვალებად სამყაროში. ამ მიზნისკენ სავალ გზაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ისეთ ტრადიციულ ინფრასტრუქტურასაც ვავითარებთ, როგორიცაა საგზაო ქსელი და გზატკეცილები. თუმცა, ახალ წარმადობას ვძენთ ჩვენს რკინიგზას და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე თვისობრივად ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა განხორციელებამაც აღმავლობის გზაზე საქართველო დინამიურ ეკონომიკად აქცია.

“საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, მე-16 ადგილზეა „ჰერითიჯ ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით მე-3 ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის რეიტინგში. ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე მაღალია რეგიონში. ამ პოლიტიკით მივაღწიეთ აქამდე არსებულთან ყველაზე მაღალ საექსპორტო მაჩვენებლებს და მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13.2 პროცენტიდან 6.8 პროცენტამდე შეგვემცირებინა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აქვე ხაზი გაუსვა ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და ასევე, დასახულ გეგმებს.

მამუკა  ბახტაძემ ყურადღება მიაპყრო რევოლუციური ტექნოლოგიების ხანაში გამოგონებებში კაპიტალდაბანდებისა და მათი ხელშეწყობის აუცილებლობას.

“ჩემი პირადი მიზანია, საქართველოში ინოვაციებით გაჯერებული ეკო-სისტემის შექმნა. პრინციპში, პირველი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელმაც „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში. თუმცა, ყველანი დამეთანხმებით, რომ ინოვაციები და ჩვენი ქვეყნების მომავალი ვერ შედგება  ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის აღიარების გარეშე”. – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *