მოგებული ჩვენია, წაგებული სხვისი – ლევან ფანცხავას ბლოგი

“არ არის ჩვენი საქმე და დავანებოთ ამ კონკურსს თავი” – მსგავსი შინაარსის პოსტები აშკარად ჭარბობდა გულშემატკივართა პოსტებს სოციალურ ქსელში.

არა და, ისე ყველაფერი ჩვენი საქმე გვგონია, რომ გავიგებთ წავაგეთ მერე – “რა ჩვენი საქმეა”, ზოგადად ასეა. ამ შემთხვევაშიც ასე იყო: “თავიდანვე განწირული იყო”, “მომღერალმა რა დააშავა”, “ვინ შეურჩია ეს სიმღერა”- კითხვის ნიშნები არ გველევა, არასდროს, წრეზე მივდივართ, მოვდივართ, არ გვწყინდება.

აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავია, რაც არ მოგვწონს უნდა ვთქვათ, რაც მოგვწონს ისიც, მაგრამ ძირითადად რაც არ მოგვწონს ამაზე ავტეხთ ხოლმე ამბავს და რაც მოგვწონს “მერე რა”. ცალკე საკამათო თემად გადავაქციათ სიმღერა, ავტორი, მომღერალი, ფაქტია პატრიოტული სულისკვეთების კუთხით ღიმილიანები, ცრემლიანები, ამაყები ვუყურებდით ეკრანს, რომელ ეკრანსაც უყურებდა ევროპა და ამის გაანალიზებასთან ერთად გული ათმაგად გვიცემს, როცა ყურში მშობლიური ენა გესმის და გგონია რომ ყველაზე ლამაზ ბგერებს ისმენ მთელ სამყაროში. მერე რეალობას ვუსწორებთ თვალს და ვხვდებით რომ ყველა ქვეყანას ასე გონია.

გული გვწყდება, რაც ბუნებრივია, ჩვეულებრივი ამბავია რომ იმედგაცრუებულები ვრჩებით, როცა ვაგებთ, წინ ვერ მივდივართ, არადა ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით წინ უნდა გვევლო, “სულ წინ…”, ეს მოწოდება იყო სცენიდანაც, თუმცა “პროტესტი” იყო აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, მავთულხლართების მიმართ პროტესტი.

ახლა სხვა სივრცეებში უნდა ვეძებოთ ადგილი სადაც მყარ და ამაყ ნაბიჯს გადავდგამთ, ახლა უკან მოხედვას აზრი არ აქვს. არასდროს, ვერაფერზე კონსესუსს ვერ ვაღწევთ ძირითადად, ახლაც ასეა და მითუმეტეს როცა საქმე ეხება ჩვენს ხმას ევროპაში.

ოთო ნემსაძემ ბევრი მადლობა და ბევრი გულდასაწყვეტი პოზიციაც მიიღო. ამ დროს უნდა მიიღო და დააჯერო საკუთარ თავს რომ ასეც ხდება, როცა დიდ ნაბიჯს დგამ, თან შორს. მომავალ წელსაც წავალთ, მომავალ წელსაც დავსვამთ იგივე კითხვებს, მომავალ წელსაც შევაქებთ და გავლანძღავთ-გავაკრიტიკებთ, თან აუცილებლად ასე იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და სხვა “მწვერვალებზეც”. ან იქნებ ვცდები, ვნახოთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. თუმცა ჩვენც ხომ კარგად ვიცით რომ მომავალ წელსაც და სულ ევროვიზია ჩვენი საქმე იქნება, მერე უფროდაუფრო გაბანალურდება ფრაზა “ჩვენი საქმე არ არის”.

ალბათ სხვაგანაც ასეა, ალბათ სხვაგანაც აქებენ და აკრიტიკებენ, ალბათ კი არა ყველამ ვიცით რომ ასეა და “ჩვენზეც” არ უნდა დაგვწყდეს გული, გაგვიხარდეს და ვიცოდეთ რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. სხვა გზაც არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *