მიუხედავად ტერეზა მეის გადადგომისა, ევროკავშირის პოზიცია Brexit-თან დაკავშირებით უცვლელია

მიუხედავად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომისა, ევროკავშირის პოზიცია ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პირობებთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ Reuters-ი კომისიის პრესმდივნის მინა ანდრეევის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ანდრეევის განცხადების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, მეის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ სიხარულის გარეშე მიიღო.

“პრეზიდენტს ძალიან უყვარდა და აფასებდა პრემიერმინისტრ მეის სამუშაოს. იგი დააფასებს და სამუშაო ურთიერთობას დაამყარებს ნებისმიერ ახალ პრემიერმინისტრთან, ვინც არ უნდა გახდეს იგი, იქნება ეს ქალი, თუ კაცი”, – განაცხადა კომისიის პრესმდივანმა.

ანდრეევამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი უცვლელად დატოვებს ჩიხში შესულ შეთანხმებას, თუმცა შესაძლოა შეცვალოს პოლიტიკური დეკლარაცია ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით ბრექსითის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს 7 ივნისს დატოვებს, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ იგი დატოვებს ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტსაც. როგორც მეიმ განაცხადა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ვერ შეძლო ქვეყნისთვის ევროკავშირიდან გასვლის მისაღები პირობების უზრუნველყოფა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *