კომისიას სავარაუდო სექსუალური შევიწროების თაობაზე ახალი მტკიცებულებები წარედგინა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებას სპეციალურად შექმნილი კომისია ეჭვქვეშ აყენებს.

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორმა, ომარ მახარაძემ, განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ტელეფონი გატეხეს და ის თავად არის მსხვერპლი. ეს განმარტება მახარაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ტელეფონით მას შემდეგ შეატყობინა, რაც19 წლის სტუდენტმა მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, დღეს კი საქმის შემსწავლელ კომისიას წარუდგინა სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის ამსახველი მიმოწერა და ფოტომასალა. თუმცა დადანაშაულებული ლექტორის განმარტებაში კომისიამ მას შემდეგ შეიტანა ეჭვი, რაც ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სხვა სტუდენტები გამოკითხეს:

„კომისიამ მოისმინა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვა სტუდენტებისგანაც და არის მტკიცებულებები, რომლებიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეორე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მისი ფეისბუკი არის გატეხილი. ჩვენ მოვისმინეთ ის ინფორმაცია და ის მტკიცებულებები, რაც წარმოადგინეს სტუდენტებმა, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს მეორე მხარის მოსაზრებას, რომ მისი ტელეფონი გატეხეს და სხვამ ისარგებლა ქსელით. მეორე მხარის მოსაზრებას ველოდებით. როგორც კი მეორე მხარეს შეხვდებიან, დასკვნას ძალიან სწრაფად დავდებთ და მივმართავთ უნივერსიტეტის რექტორს“, – განაცხადა დისციპლინური კომისიის თავმჯდომარემ,ანზორ ბერიძემ.

დისციპლინური კომისია უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შეიქმნა 22 მაისს, მას შემდეგ, რაც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ადმინისტრაციას მიმართა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ამავე ფაკულტეტის პროფესორი. პროცესში ჩართვა მოითხოვეს რეგიონში მოქმედმა 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თუმცა ისინი 24 მაისს გამართულ დისციპლინური კომისიის პირველ სხდომაზე არ დაუშვეს. სხდომა დაიხურა მედიისთვისაც სტუდენტის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნით. ზაზა პაპიძემ განაცხადა, რომ გოგონა არ უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს:

„მისი ინტერესი იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ფაქტები, რათა სამომავლოდ ის არ გახდეს ბულინგის მსხვერპლი მეგობრებში. ის არის მეორე კურსის სტუდენტი და მთელი ცხოვრება წინ აქვს. სახელი და გვარის დამალვის შემთხვევაშიც ფაქტებიდან შიძლება იდენტიფიკაცია და პირადი ინფორმაციის გამჟღავნება. სხდომის დახურვა ემსახურება ადამიანის პირადი ინფორმაციისა და მისი პიროვნული ინტერესის დაცვას. ბულინგის ნიშნებიც არსებობს, არის მეგობრებშიც ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა სტუდენტის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, რომელიც დღეიდან იცავს მის ინტერესებს. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელმა უარი თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატზე, რომელიც მანამდე მის ინტერესებს იცავდა საგამოძიებო ორგანოებში გამოკითხვის დროს.

სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებზე პასუხის გაცემა დისციპლინური კომისიის წინაშე ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორსა და საკრებულოს წევრს, ომარ მახარაძეს, მოუწევს უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი მივლინებით იმყოფება. ლექტორის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში მას, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, დაეკისრება სამი სახდელიდან რომელიმე – შენიშვნა, საყვედური ან ხელშეკრულების შეწყვეტა. დისციპლინური კომისიის მუშაობის დასრულებამდე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს, სტუდენტების მოთხოვნით, შრომითი ხელშეკრულება დროებით შეუჩერდა.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებამ აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია უფრო მძიმე მუხლით შეცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა 139-ემუხლით, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა, ხოლო თუ ქმედებამ ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს, რომელიც ამავე დროს ბათუმის საკრებულოს მაღალჩინოსანია, შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე:

„ჩვენ მოვისმინეთ სხვა სტუდენტების გამოხმაურება სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტზე, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. გარდა იმისა, რომ მოვთხოვეთ უნივერსიტეტს მყისიერი რეაგირება, ასევე მივმართეთ ბათუმის საკრებულოს და მოვთხოვეთ რეაგირება, რადგან ეს პირი არის თანამდებობის პირი, საკრებულოში წარმოადგენს საზოგადოებას და მას უნდა ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას“.

თავის მხრივ, სულიკო თებიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ყოველგვარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ დაელოდებიან გამოძიების შედეგებს და ხელს არავის დააფარებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *