ქელეხისთვის ხარჯების დასაფარად მაღაზიიდან სუნამოების მომპარავი პირები მოსამართლემ მსუბუქად დასაჯა

რუმინული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც ინგლისის ქ. გლოსტერის დებენჰამსის და ქ. უორკესტერის ფრეიზერის სავაჭრო სახლებიდან, Christian Dior-ის 2000 £ ღირებულების სუნამოები მოიპარეს, უორკესტრის მაგისტრმა მოსამართლემ უაღრესად მსუბუქად დასაჯა.

შემთხვევა 1 მაისს მოხდა. საგზაო პოლიციის ოფიცრებმა შენიშნეს, რომ მათ გვერდით ჩავლისას Audi 4-ის მგზავრებმა სახის დამალვა სცადეს. ბაზაში ავტომობილის დაზღვევაზე გადამოწმებისას ნახეს, რომ აუდის მფლობელი ადგილობრივი არ იყო, ოლქიდან დიდი მოშორებით ცხოვრობდა და მანქანას დაედევნენ. უორკესტერშივე, ქალაქიდან გამავალ ქუჩაზე წამოეწივნენ და მოახერხეს მისი გაჩერება, მაგრამ მანქანაში მსხდომთაგან ორმა, 25 და 31 წლის მგზავრმა მამაკაცმა, გაქცევა სცადა. ოფიცრებმა ისინი გამოცოცხლებული ქუჩის სავალ ნაწილზე დევნის შემდეგ დააკავეს. ამის შემდეგ პოლიციამ მანქანა გაჩხრიკა და საბარგულში 17 ფლაკონი სუნამო ნახა.

საბოლოოდ, პოლიციამ აუდის მძღოლი და მგზავრები – სამი მამაკაცი – 19, 25 და 31 წლის და ორი ქალი -21 და 31 წლის, დააკავა, ძიება დაიწყო, სუნამოების ქურდობა დაადგინა და მათ ბრალი წაუყენა.

საქმის განხილვისას პროკურორმა შაფკვატ რეაზმა აცნობა სასამართლოს, რომ გაქცევის მცდელობისას დაკავებულები 10 აპრილს ქურდობის ბრალდებით იყვნენ სასამართლოში წარდგენილები და ერთ-ერთ მათგანს სასამართლომ 18 თვე მიუსაჯა და მოხდა 1 თვით გადაუვადა (სავარაუდოდ, მოსამართლემ ბრალდებულად ცნობილს ერთი თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის საკუთარი ნებით დატოვების და ამ გზით სასჯელის მოხდის თავიდან აცილების კანონიერი შესაძლებლობა მისცა – “აიპრესი”).

ადვოკატმა კრის აგრიმ მოახსენა მოსამართლეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ლუმინატ სავას მართლაც ჰქონდა კანონთან პრობლემები, მაგრამ მან კარგად შეითვისა იმ პერიოდის გაკვეთილები.

პროკურორი შეეცადა მოსამართლისთვის დაემტიცებინა, რომ სასამართლოს წინაშე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი იყო, იმ ბანდების მსგავსი, რომლებმაც, იციან რა, რომ სავაჭრო სახლებში ძვირადღირებული საქონელია დახლებზე განთავსებული, შედიან იქ, ქურდობენ და შემდეგ ორთქლდებიან ქალაქიდან. ასეთი სახის დანაშაული პანდემიასავით მოედო უკვე ქვეყანას, – თქვა პროკურორმა.

ადვოკატმა კრის აგრიმ საპასუხო სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები აღიარებენ ორივე სავაჭრო სახლიდან სუნამოების ქურდობას და აცნობიერებენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მხედველობაში დანაშაულის ჩადენის მოტივებია მისაღები. მათ ეს ქურდობა ნათესავის ქელეხის ხარჯების დასაფარად ჩაიდინეს. რუმინული ქელეხი ძალიან ხალხმრავალია, ხარჯები შეიძლება რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგს გაუტოლდეს, რამდენიმე დაკავებულმა ახლახანს დაკარგა სამსახური ხილის საწარმოში და მათ უაღესად ესაჭიროებოდათ ფული.

როგორც ჩანს, მოსამართლეს ადვოკატის სიტყვებმა აუჩვილა გული, გაიზიარა ის ახსნაც, რომ ხუთივე ბრალდებული აუდიში კი იმყოფებოდა, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო ვერ გაიგეს პოლიცის მოთხოვნა გაეჩერებინათ მანქანა და სასჯელის ზომად ბრალდებულებს კომენდატის საათი დაუწესა. მათ ეკრძალებათ საღამოს რვა საათიდან დილის 4 სათამდე სახლიდან გამოსვლა. თითოეულ მათგანს აგრეთვე დაეკისრა 200 £-ის დებენჰამსის, ხოლო 100 £-ის ფრეიზერის სავაჭრო სახლისთვის გადახდა.

“ჩვენ ყველა ბოდიშს ვიხდით იმისათვის, რაც ჩავიდინეთ”, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოდან გამოსულმა ლუმინატ სავამ.

მომზადებულია პორტალ dailymail.co.uk მიხედვით.

მოამზადა: რაულ კაპანაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *