პაატა თედიაშვილი: უნდა არსებობდეს ქიმიური კასტრაცია, ამათი შემყურე, ხანდახან ჰიტლერს ვემსგავსები

  ბოლო დროს პაატა თედიაშვილი თავისი პროვოკაციული ნაბიჯებით ხშირად წარსდგა საზოგადოების წინაშე. გაკიცხვის ობიექტიც გახდა, თუმცა პაატას ეს არ აჩერებს და ყოველ ჯერზე სიახლეს გვთავაზობს. ამჯერად მან კუბოების დამამზადებელ საამქროში და კუბოში მოაწყო ფოტოსესია. თუ რა დანიშნულება აქვს ამ ფოტოებს და რისი თქმა უნდა პაატას, ის თავად გვიამბობს.

  პაატა თედიაშვილი: საერთოდ, მე ხომ ვიცი რაღაც მოვლენებზე პასუხის გაცემა. თემა იყო საინტერესო და ვერ ვიტყვი, რომ პირველი ვარ. სატელევიზიო ეთერებში იყო პრეცედენტი, როდესაც ადამიანებმა ბედი მოსინჯეს და კუბოში ჩაწვნენ, მაგრამ მოვიძიე და ვერ ვნახე ფოტოსესია, რომელიც ამ საკითხს უკავშირდებოდა. ჩემმა ყოფილმა ლექტორმა, დავით გეგეშიძემ გამოსცა წიგნი – სიკვდილ-სიცოცხლის „აპოლოგია“, სადაც საინტერესოდ წერს და მიმოიხილავს ფოლკლორსა და სამეცნიერო მიმართულებებს და ლაიტმოტივად უდევს – „რა წამსაც დავიბადებით, იქვე საფლავი მზად არის“. ამ წიგნის წაკითხვამ შთამაგონა, გამეკეთებინა ასეთი ფოტოსესია.

– რა იყო ამ ფოტოსესიის მთავარი სათქმელი?

–  მთელი ფოტოსესიის სათქმელი არის ის, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ, მაგრამ ვინც არ უნდა იყო: ღარიბი ხარ, მდიდარი ხარ, მეფე ხარ თუ პაიკი, საბოლოოდ ჩვენი განაჩენი მაინც ის ოთხი ფიცრის ყუთია, რითიც ჩვენ ამქვეყნიდან გაგვაცილებენ. ძალიან ხშირად გაგვიგია: რა წაიღო, ყოფილიყო კარგი ადამიანი და ეცხოვრა ადამიანურადო. ეს გაცილებით უკეთესია,  ვიდრე გქონდეს ძალიან ბევრი ფული და სარგებელი არ მოუტანო ადამიანებს. აქ პარადოქსები არის იმაში, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, გმირს, ღარიბს არ ეღირსა ის კუბო, ამბობენ „სასახლე“, ჩასასვენებელი, მაგრამ კუბო ყველაზე მძაფრად და პირდაპირ გამოხატავს ამ  ყუთის დანიშნულებას, უფრო ამძაფრებს მის ფუნქციას. გარდა ამისა, სიტყვა კუბო არის, ერთგვარი სტიგმა ყუთისა, რომელიც გვაშინებს, გვზარავს, ჩვენში უცნაურ და საშიშ შეგრძნებებს იწვევს. ასეთია ის სტიგმები, რომელიც საზოგადოებამ ჩვენ გარშემო ჩამოაყალიბა. ფოტოების დანიშნულებაც ის უნდა იყოს, რომ რაც გვაშინებს, რაც გვზარავს, ყოველთვის არ არის ცუდი.

– იყო კუბო, რომელიც მოგეწონა?

–  ეს ფოტოსესია ხაშურში, კუბოების „ცეხში“ გადავიღეთ. თქვენ ფოტოებში ნახავთ იმ დარბაზებს, სადაც კუბო მზადდება. არ მაშინებს მსგავსი რაღაცები. ძალიან მაინტერესებდა საერთო სივრცე და „კუბოს კარები“ რომ გავაღეთ, ისე შეშინებულმა შევიხედე, გეგონება, რამეს დავინახავდი. ძალიან საინტერესო იყო ფერები, ფორმები… დამოკიდებულია მატერიალურ სახსარზე. კუბოებშიც სოციალურ უთანასწორობას წავაწყდით. იყო ერთი კუბოც, რომელიც მომეწონა, ვენერა ნიჟარაში რომ არის – „დაბადება“ – ასეთი კუბო იყო, „ნავაროტკებით“. ბევრი დარბაზია, სადაც იკერება ბალიშები, გადასაფარებლები, მზადდება კუბოები. შიგნით ქალაქივით არის, სადაც ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. ეს ერთი პატარა რამდენიმე ინსტანციის გავლას საჭიროებს, რომ საბოლოო სახე მიიღოს.  ძალიან საინტერესო იყო და პროცესი რომ დასრულდა, გული დამწყდა. იმდენი რამ მინდოდა – ჩავწოლილიყავი ამ კუბოში, ფეხი ჩამედო, გადმომედო, წიგნიც კი წამეკითხა.

– რა შეგრძნება გქონდა, კუბოში რომ ჩაწექი?

– თუ კუბოში მკვდარი არ არის, ის არის ყუთი. კარადა რომ გადმოატრიალო და ჩაწვე, იგივეა. არასდროს შემშინებია მკვდრის. მით უმეტეს, ჩემი პროფესიაა ოპერაციები, გვამების კვეთა, მორგი… ბევრი ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით. დედა იყო ექიმი-ლაბორანტი ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოში და მე რომ მასთან მივდიოდი, სულ მაინტერესებდა ეს თემა. გავძვრებოდი და მივდიოდი მორგში. ჩუმად ვუყურებდი, როგორ კვეთდნენ გვამებს, ეს პროცესი ჩემთვის ისეთი საინტერესო იყო. მერე ეს შეგრძნება, რაც ვნახე, სულ ტრიალებდა ჩემს გონებაში. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა რთული საგზაო შემთხვევა: ერთ-ერთი სკოლის პატარა ბავშვები იყვნენ ექსკურსიაზე – მაშინ ბავშვებს საბავშვო ბილეთი ეძლეოდათ. ფაქტობრივად, მთელი კლასი ამოწყდა და არასდროს მავიწყდება, ეს ბავშვები რომ შემოჰყავდათ, ხელში ჰქონდათ შეყინული ეს ბილეთები. მეც მათი თანატოლი ვიყავი და ეს შეგრძნება ძალიან დიდხანს გამყვა. ეს რკინიგზის საავადმყოფო დღეს აღარ არსებობს, იქ დევნილები შეასახლეს. რომ გავივლი, სულ მაინტერესებს, იმ მორგის ტერიტორია. ერთხელ მივედი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა, ყველა კარი ჩამოგდებული იყო, აღარ იყო ფანჯრები, ქარი უბერავდა. მაგ ადგილას სულ ქარი დაქროდა. არც თუ ისე შორს სასადილო იყო. ჩემთვის ამ პროცესების ყურება ძალიან საინტერესო იყო, ჰიჩკოკური შეგრძნებები მქონდა.

– რა არის შენთვის სიკვდილი?

– სიკვდილი – ეს არის გარდასახვა. ის, რომ უჯრედი და ქსოვილები კვდება. იმის იქით რა ხდება, არ ვიცი. სიკვდილის არ მეშინია, რისი უნდა გეშინოდეს, წამია ადამიანი. ნებისმიერი სიკვდილის დროს არსებობს სიკვდილ-სიცოცხლის გარდამავალი-მომიჯნავე მდგომარეობა და უკვე მოდის შოკი, რომელიც ისეთი მდგომარეობაა, როცა უკვე სასიცოცხლო ფუნქციები ირღვევა. ჩემი აზრით, გულის წასვლის მდგომარეობას ჰგავს. მე ექიმი ვარ და ბევრი პაციენტი ყვება კომიდან გამოსვლის შემდეგ, რომ სადღაც მიდიოდა, თეთრი გვირაბი, სიბნელე გაიარა, მერე იქ თეთრ სამოსში ჩაცმული ადამიანი დახვდა. ეს რაღაცები თითქმის სულ ემთხვევა ერთმანეთს და განსახვავებულია, როდესაც ისეთ რაღაცებს აღიქვამენ და ისეთ სამყაროში შედიან, რომელიც აქ არ არსებობს.

– ეს შენი მორიგი პროვოკაციაა?

– პროვოკაციად შეიძლება, ჩაითვალოს და ეს არის სიკვდილის და იმ განწყობის  დაცინვა, რაც ადამიანებს აშინებთ. პირველი ფოტო რომ დავდე „ფეისბუქზე“, ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს ეგონათ, რომ მე რეალურად მოვკვდი და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

– ამ ნაბიჯებს ხალხის ასალაპარაკებლად აკეთებ?

– ხალხის ლაპარაკით ვერთობი. ამ კუბოს ფოტოზეც ჩემი ბავშვობის მეგობრები ილანძღებოდნენ, ვისთან ერთადაც ლუკმა გამიტეხავს, სცენაზე ვმდგარვარ. მერე ისინი არ შედგნენ არცერთი მიმართულებით. გული კი არ მტკივა, უბრალოდ, თვითონ მეცოდებიან, ასეთებად რომ დარჩნენ. ამ ბოლო პროვოკაციული მოქმედებების დროს ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე, რომლებმაც დაიწყეს მორალისა და ზნეობის კითხვა. ერთმა გოგონამ მომწერა, უზნეო ხარო. მის „ფეისბუქზე“ რომ შევედი, უდევს ფოტო, რომელშიც ბიუსტჰალტერი აქვს უკანალში ამოდებული, გამომზეურებული აქვს ეს თავისი უკანალიც და „წინალიც“, ვიღაცას კოცნის იახტაზე და მე ვარ უზნეო. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ უნდა არსებობდეს ქიმიური კასტრაცია,  ამათი შემყურე, ხანდახან, ჰიტლერს ვემსგავსები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *