ყაზახეთის არჩევნები და მთავრობის შელახული რეპუტაცია

ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევის გარეშე ჩატარებულ პირველ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. თუმცა ეს არჩევნები, უწინარესად, ალბათ პოლიციელების მიერ მოქალაქეების განყოფილებებში ძალით გადაყვანის სურათებითა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ ცნობებით იქნება დასამახსოვრებელი.

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ცნობილია.

ოფიციალური ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 80-მა პროცენტმა. ლიდერმა კანდიდატმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, მიიღო ხმების 70-ზე მეტი პროცენტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა არჩევნები. პოლიციამ დააპატიმრა 500-ზე მეტი პირი.

დიდი ალბათობით, სწორედ ეს ბოლო მონაცემები იქნება ის, რითიც ბევრს ეს არჩევნები დაამახსოვრდება. 9 ივნისს სოციალური ქსელებით მასშტაბურად გავრცელდა სურათები, როგორ მიათრევს პოლიცია დემონსტრანტებს – იქნებოდა ეს დედაქალაქში, ნურ-სულთანში, ალმა-ატასა თუ შიმკენტში.

სახელმწიფო მედია – მაგალითად, „კაზინფორმი“ – სიმშვიდის ამსახველ სურათებს ავრცელებდა – მაგალითად, ახლად დაქორწინებულ წყვილს ნურ-სულთანში, საარჩევნო უბანზე; პატარძალს შიმკენტში თუ საარჩევნო უბნებზე მშობლებთან ერთად მისულ ბავშვებს.

სახელმწიფო მედიას არ უჩვენებია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც ყაზახეთის მნიშვნელოვანი ქალაქების ცენტრებში იყვნენ განთავსებული:

არჩევნების დღის სხვა სურათები მოიცავდა ვიდეოს, რომელზეც, როგორც ჩანს, ასახულია საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის პროცესი; ასევე ქალი, რომელიც ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ მეორედ აძლევს ხმას; კალმები, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე არიგებდნენ და რომელთა მელანი ცხელ ტემპერატურაზე ქრებოდა.

პოლიციამ 10 ივნისსაც გააგრძელა ხალხის დაკავება. აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა კიდევ გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ასახავდნენ პოლიციელების მიერ მოქალაქეების ძალის გამოყენებით წაყვანას. მაგალითად, ვიდეო, რომელიც ალმა-ატაში გადაიღო შუა აზიის ქვეყნების ვეტერანმა კორესპონდენტმა, ჯოანა ლილისმა:

მას შემდეგ, რაც 21 აპრილს ალმა-ატაში გამართულ მარათონზე ოთხმა ახალგაზრდა აქტივისტმა გაშალა პლაკატი, წარწერით „სიმართლეს ვერ დაემალებით“, ყაზახეთში არ შემწყდარა დემონსტრაციები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად. ყაზახეთის მოქალაქეთა ნაწილმა უარი თქვა უმოქმედოდ ეყურებინა იმისათვის, თუ როგორ გადააბარებდა ძალაუფლებას ვეტერანი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, თავის მეგობარსა და მოკავშირეს, ტოყაევს.

სხვა პლაკატებზე დატანილი იყო წარწერები: „მე მაქვს არჩევანი“ და „გავიღვიძე ქვეყანაში, სადაც…“ – ეს უკანასკნელი ვიდეო კამპანიაში იყო გამოყენებული და მოქალაქეები წინადადებას თავად სხვადასხვა ფორმულირებით ასრულებდნენ ხოლმე იმის ხაზგასმით, რომ თავიანთ ქვეყანაში ხელისუფალთ ვერ ირჩევენ და ვერც თავიანთ შეხედულებებს გამოხატავენ დაპატიმრების საფრთხის გარეშე.

უცნობია, ზუსტად რამდენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა 9 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების საწინააღმდეგო დემონსტრაციაში. სავარაუდოდ, მთელი ელექტორატის ძალიან მცირე პროცენტმა. მაგრამ ეს ჯგუფი ისე ოსტატურად იყენებს სოციალურ მედიას, რომ მათ შესაძლოა წარუშლელი კვალი დაატყონ ქვეყანას, რომელშიც მთავრობას საკუთარი ხალხის აზრის ეშინია.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ გამოვლენილი ძალა შესაძლოა მთავრობის სისუსტის ნიშანი იყოს – იმის ნიშანი, რომ მოსახლეობას ნამდვილად რომ ჰქონდეს თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოთქმის თავისუფლება, შესაძლოა არ აერჩია ტოყაევის მსგავსი კანდიდატი, ან სხვა სამთავრობო ფიგურები გაეკრიტიკებინა ღიად.

ტოყაევმა არჩევნები მოიგო, მაგრამ ყაზახეთის საერთაშორისო პარტნიორები, დიდი ალბათობით, 9 ივნისის დემონსტრაციების დარბევის კადრებს მიაქცევენ ყურადღებას იმის განსჯისას, თუ რა ინტენსივობის მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ ლიდერს, რომელიც შესაძლოა არაპოპულარული იყოს საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფში. შესაძლოა ყაზახეთში ტოყაევის ლეგიტიმურობაც ეჭვქვეშ დადგეს. მას ისედაც ერთგვარ გარდამავალ ფიგურად მიიჩნევდნენ ნაზარბაევსა და იმ პირს შორის, რომელსაც ელიტები შეარჩევენ უფრო ხანგრძლივი ლიდერობისათვის.

თუმცა ტოყაევის არჩევით ნაზარბაევის ეპოქა ფორმალურად მაინც ნამდვილად დასრულდა. დაიწყებს მთავრობა ხალხის ხმის მოსმენას, თუ პროტესტისთვის მოქალაქეების ციხეებში გაგზავნას განაგრძობს, -რაც მოხდება ხვალ, მომავალ თვეში და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, – გამოაჩენს, რამდენად შორდება ქვეყანა ბოლო 28 წლის პოლიტიკურ ტრადიციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *